ყველა ელექტრონული სერვისი ერთ საიტზე - იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქის პორტალის WWW.MY.GOV.GE პრეზენტაცია გამართა

თარიღი: 17 მაისი 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ   მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შემუშავებული  მოქალაქის პორტალის MY.GOV.GE პრეზენტაცია გამართა.  პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბოლო წლების განმვალობაში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პროცედურების გამარტივება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოიყენება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემები, რომელებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სახლიდან თუ სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად დისტანციურად ისარგებლოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქრურების მომსახურებით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო აქტიურად მუშაობდა Microsoft-სა და HP-სთან ერთად მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული მონაცემების ურთიერთგაცვლის თანამედროვე მოდელის აგება.  ამან საშუალება მოგვცა შეგვექმნა ვებპორტალი - ერთ ონლაინ რესურსში თავმოყრილი სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მოძიებისა და გამოყენების შესაძლებლობა.  მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის გამართვის პარალელურად  საქართველოში ელექტრონული ID ბარათები დაინეგრა.

ID ბარათის გამოყენება ყველაზე ეფექტურად მოქალაქის პორტალზე my.gov.ge არის შესაძლებელი. ID ბარათის გამოყენებით მოქალაქე დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით მიიღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა.

„მოქალაქის პორტალის შექმნით ჩვენ უკვე მსოფლიოს მოწინავე, ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის ვართ.  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ასეთი სახის პორტალი ამუშავდა. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს მოქალაქეს, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.  ჩვენ მოქალაქის პორტალს ერთქგვარად, ვირტუალური იუსტიციის სახლიც შევარქვით, რადგან აქაც ყველაფერი ერთ ვებგვერდზეა განთავსებული,  მომხმარებელი ID ბარათის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შედის სისტემაში და ონლაინ რეჟიმში  იღებს ყველა სერვისს", -  განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ.

 

იუსტიციის მინისტრი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

თარიღი: 18 ივნისი 2013

ერევანში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გარიკ ჰარუთინიანს შეხვდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც (მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ) შეეხო. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გარიკ ჰარუთინიანმა, რომელიც ვენეციის კომისიის წევრია და რამდენიმე დღის წინ ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვას ვენეციაშიც ესწრებოდა, თეა წულუკიანს ხსენებული კომისიის შემქნასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნო.

მინისტრმა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ორი ქვეყნის კონსტიტუციებში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზეც ისაუბრეს. საუბრის მთავარ საკითხს ისეთი კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მომავალში თითოეული მოქალაქის კუთვნილება უნდა გახდეს. დაიგეგმა შემდგომი საქმიანი შეხვედრები.

მოგვიანებით, მინისტრი და მისი მოადგილე სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ. ადვოკატთა ასოციაციის  ხელმძღვანლის განცხადებით, თეა წულუკიანი პირველი ოფიციალური პირია საქართველოდან, ვინც სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრა. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი სურვილია, რომ ადვოკატები იმაზე უფრო დიდი უფლებამოსილების მქონე პირები იყვნენ, ვიდრე  დღეს არიან.

"ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის როლს ვხედავ იმაში, რომ ხელი შევუწყო ადვოკატებს, რათა მათ ბრალდების მხარის მსგავსად, ყველა პირობა ჰქონდეთ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის" - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით,  თეა წულუკიანის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის სულისკვეთების გაგრძელებაა, რომლის  მიზანსაც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის ახალ ფაზაში აყვანა წარმოადგენს.  

"პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ყველაფერთან ერთად ფართომასშტაბიან ეკონომიურ თანამშრომლობასაც გულისხმობს. ასეთი თანამშრომლობისთვის აუცილებელია, სამართლებრივ სფეროში აქტიური თანამშრომლობა და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ამ მხრივ იუსტიციის მინისტრის ვიზიტი და მისი შეხვედრები სომხეთის პოლიტიკურ წრეებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო"- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე ტუნისში კონფერენციას ესწრება

თარიღი: 18 ივნისი 2013

აზრის გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში - ეს ტუნისში გამართული კონფერენციის მთავარი თემებია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბურჭულაძე ესწრება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია ერთგვარ ფორუმს წარმოადგენს, სადაც 2011 წლის ტუნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ყოველ წელს მსჯელობენ.

აღნიშნულ ფორუმზე, ორგანიზატორი ქვეყანის წარმომადგენლებს, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებს.

როგორც ცნობილია კონფერენციის კიდევ ერთაქტუალურ თემას - ინტერნეტ-მთავრობის მნიშვნელობა და მისი ეფექტური მუშაობის საკითხები წარმოადგენს. ალექსანდრე ბურჭულაძე ზემოხსენებულ ფორუმზე კონფერენციის ორგანიზატორებს საქართველოს გამოცდილებასაც გააცნობს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

თარიღი: 18 ივნისი 2013

„საქართველო უკანასკნელი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებს სისხლის სამართლის დამნაშავეებად განიხილავს. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ამ მიდგომის შესაცვლელად", - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სომხეთის გენერალურ პროკურორ ავჰან ჰოვსეპიანთან შეხვედრისას გააკეთა.

ერევანში ვიზიტით მყოფი თეა წულუკიანი დაინტერესდა, გაიზარდა თუ არა ნარკომომხმარებელთა რიცხვი მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნარკომომხმარებლის (რომელიც, ამავე დროს, არ არის რეალიზატორი) ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიიდან ამორიცხა.

გენერალური პროკურორის - ავჰან ოვსეპიანის, თქმით, სომხეთში კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ნარკომომხმარებელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებით სიტუაცია არ გაუუარესებია.

„პირიქით, ისინი ამოვიდნენ სარდაფებიდან და დროთა განმავლობაში ინტერესიც დაიკარგა ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. ამჯერად, ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში ნარკომომხმარებელთა რიცხვი საკმაოდ დაბალია", - აღნიშნა ჰოვსეპიანმა.

მან გაიხსენა ის „რევოლუციური" ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, გამომძიებლებს დაავალა - ნარკომომხმარებელთა დაკავების ნაცვლად, ნარკოქსელის აღმოჩენასა და რეალიზატორების გამოვლენაზე ემუშავათ.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, კერძოდ, საქართველოსა და სომხეთს შორის სამართლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმ რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებს ერთმანეთისგან მიჯნავს.

„საქართველო ეძებს სწორ ადგილს პროკურატურისთვის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეხვედრაზე მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს სომხეთის გენერალური პროკურატურის განვითარების ეტაპები სომხეთის დამოუკიდებლობიდან დღემდე, თუ როგორ შეიცვალა კანონმდებლობა და როგორ დაიხვეწა პროკურატურის სტრუქტურა.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავს საკითხებში ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს. „ჩვენი მთავრობის სურვილია, დასრულდეს რომელიმე ერთი ქვეყნის გამოცდილების ბრმად კოპირება. ჩვენ გვსურს, ვიპოვოთ ის მოდელი, რომელიც დემოკრატიული და ჩვენთვის ყველაზე ორგანული იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
           
2 3 4 5 6 7 8
9 12
16 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები