იუსტიციის სამინისტრომ ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა - ნარკომანიის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის საწარმოებლად კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
პროგრამის განხორციელებისას აქცენტი გაკეთდება ცნობიერების ამაღლების ნოვატორულ მეთოდებზე. პროექტის საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს ნარკოტიკული დანაშაულის შემცირება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შორის. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სხვა სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი საგრანტო საბჭო.
21 მარტს კი, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ორგანიზაციებს „ახალ გვერდსა" და „საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირს" წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და მათ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმებს გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტინარკოტიკულ კამპანიაში არასამთავრობო სექტორი ერთვება - განაცხადა დავით საყვარელიძემ, - გავეცანით საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციათა სამოქმედო გეგმას, კონკრეტულ აქტივობებს, რომელიც არასრულწლოვანთა შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას მოემსახურება. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან არასრულწლოვანთა დაცვა ისეთი მავნე სენისგან, როგორიცაა ნარკომანია, ასევე დანაშაულის პრევენცია, მთავარი პროკურატურისათვის ძალიან მნიშვნელოვანია."
საგრანტო კონკურსი არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა, გამარჯვებულები კი თებერვლის ბოლოს გამოვლინდნენ.
კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ტრეინინგების ჩატარებას ქცევითი სირთულეების მქონე არასრულწლოვნებისთვის, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის. ტრეინინგის დროს, აქცენტი გაკეთდება ნარკოტიკების მოხმარების უარყოფით მხარეებზე. წლის განმავლობაში, პროგრამაში ჩაერთვება 200-მდე მოზარდი თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. საგრანტო პროგრამის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს პარტნიორები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები - „ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი" და „ახალი გვერდი".
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.
უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში
21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.
„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.
მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები
გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.
შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.
პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია















