ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში პრაიმ თაიმის პრეს კლუბში ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა
16 მარტს პრაიმ ტაიმის პრეს კლუბში მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მთავარი პროკურატურის მიერ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში დამზადებული ოთხი ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართეს და ანტინარკოტიკული კამპანიის დეტალებზე ისაუბრეს.
„ანტინარკოტიკული კამპანია წარმატებით მიმდინარეობს და ნარკოტიკების მომხმარებლების სერიოზული კლება შეინიშნება. დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება" - განაცხადა დავით საყვარელიძემ
„ახალ თაობას აღარ ემუქრება ნარკომანიის სენი. სკოლის მოსწავლეების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები აღარ ფიქისრდება. ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ, რომ სამუდამოდ გავთავისუფლდეთ ამ სენისგან" აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, გატარებული რეფორმების შედეგად, ნარკოდანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. გასულ წელს 2010 წელთან შედარებით 32% - ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი ნარკოდანაშაულის კლება 53, 1% აღწევს. ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან ირკვევა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა. გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკას ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში.
მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემადაც კი მიიჩნევს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები.
სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
2013 წლის 18 მაისს იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი გაიმართა. ნოტარიუსობის მსურველებმა ტესტირება ზოგად უნარ- ჩვევებში გაიარეს.
გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები. პრეტედენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გამოცდების მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ და ისინი ნოტარიუსად მუშაობის უფლებას მოიპოვებენ.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს - უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს დარეგისტრირება16 მაისამდე შეეძლოთ. გამოცდის ჩაბარების სურვილი 69 კანდიდატმა გამოთქვა.
იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
17 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მათ და, განსაკუთრებით, იმ ნოტარიუსებს, რომლებიც მის ინიციატივას გამოეხმაურნენ და სანოტარო საქმიანობის დაწყება რეგიონებში გადაწყვიტეს.
„მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მიზნად დავისახე, საქართველოს ყველა რეგიონს ყოლოდა ნოტარიუსი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სანოტარო მომსახურება. ამჟამად კიდევ არის დარჩენილი რეგიონები, სადაც მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას ვერ იღებს. ამ რეგიონებსაც მალე ეყოლება ნოტარიუსი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ ნოტარიუსთა შორის აღარ იქნებიან ისეთები, რომლებიც ხელყოფენ პირად საკუთრებას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბოლო პერიოდში დანიშნული 20 ნოტარიუსიდან 9 რეგიონებში ახორციელებს სანოტარო საქმიანობას. 25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს, ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანში, ასევე, ბათუმთან, ხოფაში. პირადად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი სანოტარო საქმიანობაში.
საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 240 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 60 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.
იუსტიციის სამინისტროში სტუდენტების კვლევითი პრაქტიკა დასრულდა
13 მაისს იუსტიციის სამინისტროში პრეზენტაცია - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ასპექტები" - გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და პროექტ „კვლევითი პრაქტიკის" მონაწილე სტუდენტები - ახალგაზრდა სოციოლოგები და იურისტები, რომლებმაც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ექვსთვიანი პრაქტიკა გაიარეს.
პრეზენტაცია ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან მიხელიძემ გახსნა. მან სტუდენტებს პრაქტიკის დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათთვის პროფესიული ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
საკუთარი კვლევები წარმოადგინეს ილიაუნის, თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ახალგაზრდა იურისტებმა და სოციოლოგებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ნაფიცი მსაჯულები, მათი შერჩევის წესი და ქართველი საზოგადოების განწყობები ამ ინსტიტუტის მიმართ; სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიები მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების პროცესში; მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები; მედიის მონაწილეობის ფორმები სასამართლო განხილვის პროცესში; ინსტიტუციური შეზღუდვები მოსამართლეების თავისუფლებაზე - კომენტარი გააკეთონ პოლიტიკურ მოვლენებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე; სასამართლო განხილვის მონაწილეთა ანონიმურობის უზრუნველყოფა; საქართველოში სასამართლო სისტემისადმი დამოკიდებულების კვლევის მეთოდოლოგია და სხვ.
პროექტი „კვლევითი პრაქტიკა" იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გასულ წელს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ყველა უნივერსიტეტის იურიდიული და სოციოლოგიური ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს შეეძლოთ. საუკეთესონი ტესტირებისა და გასაუბრების გზით შეირჩნენ.
ახალგაზრდა იურისტები და სოციოლოგები 6 თვის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მუშაობაში, მონაწილეობდნენ შეხვედრებსა და დისკუსიებში შესაბამისი სფეროს ექსპერტებსა და პრაქტიკოსებთან. თემების შერჩევის შემდეგ კი სტუდენტებმა
კვლევითი საქმიანობა ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ზედამხედველობითა და დახმარებით წარმართეს.
იუსტიციის სამინისტრომ წარმატებულ პრაქტიკანტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებს კვლევითი პრაქტიკისათვის კრედიტებიც მიენიჭათ.















