30 მაისს საქართველოში პროკურატურის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ჟურნალისტებისათვის მიღება გაიმართა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მედიის წარმომადგენლებს იმ პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს.
დავით საყარელიძემ დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის უკანასკნელ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, 2011 წლის მონაცემებით, კვლავ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად რჩება. გასულ წელს გამოკითხულთა მხოლოდ 1.2 % გახდა დანაშაულის მსხვერპლი, რაც 15,8%-ით ნაკლებია საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით.
დავით საყვარელიძემ იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელების საშუალება, საქართველოს პროკურატურას სწორედ დანაშაულთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების შემდეგ მიეცა. მისი თქმით, დღეს-დღეობით პროკურატურის ამოცანაა, შეინარჩუნოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი ხარისხი და, პარალელურად, მოხდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, სასჯელის არასაპატიმრო, ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, განსაკუთრებით - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
დავით საყარელიძემ ისაუბრა „სრულწლოვანთა განრიდების", „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის" პროგრამებზე, განსაკუთრებული ყურადღება კი „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის" პროექტს დაუთმო, რომელიც 2010 წლის ბოლოს, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა, დღეს კი უკვე საქართველოს 15 ქალაქში ფუნქციონირებს. მისი საშუალებით, „კიდევ ერთი შანსი" უკვე 145 მოზარდს მიეცა, პროკურორის გადაწყვეტილებით, ისინი განერიდნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონთან კონფლიქტი მათთვის ნასამართლეობის გარეშე დასრულდა.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ქვეყნის ახალ ნარკოპოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეთზე, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გათავისუფლდნენ ნარკოდამოკიდებულებისაგან.
პროკურატურის მუშაკთა დღე 1999 წლიდან აღინიშნება. პროფესიული დღესასწაული წელს ქართველმა პროკურორებმა მედიასთან შეხვედრის ფორმატში აღნიშნეს.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.
თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.
ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა
საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.
დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.
ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.










