ანტიკორუფციული საბჭო

ანტიკორუფციული საბჭო საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა. მის ფუნქციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების კონტროლი, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგების კონტროლი, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირება და რეკომენდაციების მომზადება.

საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ანტიკორუფციულ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

სამდივნო

ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენს ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს. იგი კოორდინირებასა და ადმინისტრირებას  უწევს საბჭოს ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებსა და ღონისძიებებს. დეპარტამენტი უშუალოდ უზრუნველყოფს საბჭოს კვლევით და ანალიტიკურ მხარდაჭერას, შეხვედრების ორგანიზებას, სამუშაო მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადებას.

სამუშაო ჯგუფი

ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში შექმნილია ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგელობაშიც შედიან ანტიკორუფციული საბჭოს წევრ უწყებათა წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდიანციას უწევს ანალიტიკური დეპარტამენტი. ექსპერტთა ჯგუფი ამზადებს ანტიკორუფციული მიმართულებით სხვადასხვა შესაბამის დოკუმენტებს, ანგარიშებს და წინადადებებს და წარუდგენს მათ საბჭოს დასამტკიცებლად.

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

ანტიკორუფციული საბჭოს მიერ სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. ორივე მათგანი დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აქცენტს აკეთებს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა საჯარო სექტორის მოდერნიზაცია, ადმინისტრაციული მომსახურების განვითარება, სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო ფინანსური სისტემის რეფორმა, საბაჟო და საგადასხადო სისტემის განვითარება, კერძო სექტორის განვითარება, მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და კორუფციის პრევენცია.

სამოქმედი გეგმის მიხედვით  განსაზღვრულია 14 პასუხისმგებელი უწყება, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენენ 6 თვეში ერთხელ.

მიმაგრებული დოკუმენტები:

 

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 21 მაისი 2013

21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.

„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში -  „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.

მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები

თარიღი: 20 მაისი 2013

გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.

პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

 

 

სწრაფი ბმულები