ინდივიდუალური განაცხადები

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად "სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას."

სასამართლოს შეუძლია განაცხადი მიიღოს განსახილველად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება, თუ გასული არა არის 6 თვე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან. სასამართლოს განსახილველად არ მიიღებს ისეთ ინდივიდუალურ განაცხადს, რომელიც ანონიმურია ან არსებითად იგივეა და სასამართლოს მიერ უკვე განხილულ იქნა ან კიდევ გადაეცა საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა ინსტანციას და არ შეიცავს შესაბამის ახალ ინფორმაციას.

სასამართლო დაუშვებლად გამოაცხადებს ისეთ განაცხადს, რომელიც შეუთავსებელია კონვენციასა და მის ოქმებთან, აშკარად დაუსაბუთებელია ან ხდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება. დაუშვებლად საქმის გამოცხადება სასამართლოს შეუძლია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

2004 წლიდან დღემდე, ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს წინააღმდეგ განიხილა და გადაწყვეტილება გამოიტანა 60 საქმეზე. აქედან, ევროსასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა 12 საქმე, არ დაადგინა ევროპული კონვენციის და/ან მისი დამატებითი ოქმების დარღვევა 6 საქმეში, ხოლო განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო 15 განაცხადი, მათ შორის 2 განაცხადი დასრულდა მთავრობასა და განმცხადებელს შორის მეგობრული მორიგებით. ამავე პერიოდში, სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა 27 საქმეზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2004-2012 წლებში გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადააგზავნა

თარიღი: 20 მაისი 2013

მართლმსაჯულების ხარვეზების დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს ორ ექსპერტს დასკვნისათვის გადაუგზავნა.

კანონპროექტის საბოლოო რედაქციის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია ცხრა წევრისგან შედგება და სამი წლის ვადით იქმნება.

კომისიის უფლებამოსილება შეეხება 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კომისიაში საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება მისი პირველი ოფიციალური სხდომის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში.

კომისიას შეეძლება ის სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლოს, რომლებზეც მომჩივანს ამოწურული აქვს სამივე სასამართლო ინსტანცია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება იქნა დადებული. თუმცა, ამ საქმეებზე, მომჩივანმა კომისიას საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს იმის დასადასტურებლად, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულ იქნა მუქარის, მოტყუების ან ძალადობის შედეგად. ამასთან, კომისია მხოლოდ იმ საქმეებს შეისწავლის, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულების საქმეები მაშინ გახდება კომისიის განსჯადი, თუ მომჩივანს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა დანიშნული და მან ის მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხადა. გარდა ამისა, საჩივარი დასაშვები იქნება თუ მომჩივანი პირველი ინსტანციის განაჩენის მომდევნო ინსტანციებში გასაჩივრებისას ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

სტრასბურგში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვენეციის კომისიამ მოცემულ კანონპროექტზე დასკვნა ივნისის ბოლომდე უნდა შეიმუშავოს. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, ივნისშივე შეიტანოს ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რათა სახელმწიფო კომისია საქმეების შესწავლას შემოდგომიდან შეუდგეს და მისი დასკვნების საფუძველზე უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა მოხდეს.

კანონპროექტი

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

თარიღი: 18 მაისი 2013

2013 წლის 18 მაისს  იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი გაიმართა. ნოტარიუსობის მსურველებმა ტესტირება ზოგად უნარ- ჩვევებში გაიარეს.

გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.  პრეტედენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს  პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.  

ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გამოცდების მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ და ისინი ნოტარიუსად მუშაობის  უფლებას მოიპოვებენ.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებში  მონაწილეობის მსურველებს - უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე  პირებს დარეგისტრირება16 მაისამდე შეეძლოთ. გამოცდის ჩაბარების სურვილი 69 კანდიდატმა გამოთქვა. 

იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

თარიღი: 17 მაისი 2013

17 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი  ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მათ და, განსაკუთრებით, იმ ნოტარიუსებს, რომლებიც მის ინიციატივას გამოეხმაურნენ  და სანოტარო საქმიანობის დაწყება რეგიონებში გადაწყვიტეს.

„მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მიზნად დავისახე, საქართველოს ყველა რეგიონს ყოლოდა ნოტარიუსი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სანოტარო მომსახურება. ამჟამად კიდევ არის დარჩენილი რეგიონები, სადაც მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას ვერ იღებს. ამ რეგიონებსაც მალე ეყოლება ნოტარიუსი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ ნოტარიუსთა შორის აღარ იქნებიან ისეთები, რომლებიც ხელყოფენ პირად საკუთრებას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო პერიოდში  დანიშნული 20 ნოტარიუსიდან 9 რეგიონებში ახორციელებს სანოტარო საქმიანობას. 25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს, ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანში, ასევე, ბათუმთან, ხოფაში. პირადად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი სანოტარო საქმიანობაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 240 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 60 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.

სწრაფი ბმულები