განრიდებისა და მედიაციის პროგრამა
სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტიანი და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა, პროფესიონალების გადამზადება, სტატისტიკურ-საინფორმაციო სისტემის სრულყოფა და ა. შ.

2010 წლის ივლისში „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებასთან ერთად ამოქმედდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი.

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, იგი განარიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი დაუკავშირდება სოციალურ მუშაკს და არასრულწლოვნის საქმეს მას გადასცემს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის შეფასება-დახასიათებას, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს გაეწევა მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე. არასრულწლოვანს დაეხმარებიან სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. პროგრამის ძირითადი მიზანია, საზოგადოებას დავუბრუნოთ სრულყოფილი მოქალაქე. ამიტომ არასრულწლოვნის რეაბილიტაციას და სოციალურ რეინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ არასრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ამ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. პროკურორი კი უფლებამისილია, ხელახლა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ არასრულწლოვნის მიმართ. ასეთი შესაძლებლობის არსებობამ კარგად უნდა დააფიქროს არასრულწლოვანი და უზრუნველყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

პროგრამა ამოქმედდა 2010 წლის 15 ნოემბერს. ამავე წლის 19 ნოემბერს განრიდებულ იქნა პირველი არასრულწლოვანი. პროგრამა არის საპილოტო და მოქმედებს 4 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. უახლოეს მომავალში დაემატება ორი ქალაქი: გორი და სამტრედია.

2011 წლის 28 ივნისის მონაცემებით, განრიდებულია 33 არასრულწლოვანი. განრიდებული არასრულწლოვნები ასრულებენ განრიდების ხელშეკრულების პირობებს.