სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
წინაპირობა

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ოქტომბრის №N914 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება. აღნიშნული ჯგუფი მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის EUJUST THEMIS-ის მხარდაჭერით.

სტრატეგია დამტკიცებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2005 წელს, რის საფუძველზეც, 2006 წლის 12 ივნისს შეიქმნა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა . სამოქმედო გეგმა ოფიციალურად წარმოდგენილ იქნა 2007 წლის იანვარში სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ მინისტრი.

აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს კონცეფციების კონსოლიდირებულ ვერსიას და აქცენტს აკეთებს შემდეგ ასპექტებზე:

კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში;
სისხლის სამართლის ძირითადი ინსტიტუტების კომპეტენციისა და ორგანიზაციის რეფორმირება (სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, სახალხო დამცველის აპარატი და სხ.)
იურიდიული განათლებისა და ტრეინინგის სისტემის დახვეწა.

ამჟამად

2008 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა № 591 ბრძანებულებას "სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ" . საბჭოს მანდატი განსაზღვრულია მის დებულებაში (დამტკიცებული პრეზიდენტის №591 ბრძანებულებით). საბჭოს წევრები არიან მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები (მინისტრის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების უფროსები), ასევე სასამართლოს წარმომადგვენლები და საქართველოს სახალხო დამცველი. მოწვეული წევრები არიან საერთაშორისო (მათ შორის დონორი) და არაამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სისხლის სამართლის ექსპერტები.

2008 წლის 18 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს ბავშვთა ფონდის, ეუთო-ს, ასევე ამერიკის იურისტთა ასოციაციის და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დროს, საბჭოს თავმჯდომარებ აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის განახლება,  რომელიც თავდაპირველად 2005 წელს იქნა შემუშავებული და გამოკვეთა განახლებული სტრატეგიის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება:

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება,
სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემა (განსაკუთრებით ციხეების გადატვირთულობასთან ბრძოლა და პოლიტიკის ლიბერალიზაცია),
უფასო იურიდიული დახმარების გაფართოვება
წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის იმპლემენტაციის დაწყება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებს დაუგზავნეს სხდომის ოქმი  და სამინისტროს ვებ. გვერდზე გამოქვეყნდა პრეს რელიზი.

სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები სისტემატიური ხასიათის იქნება და ისინი ექვს თვეში ერთხელ გაიმართება. საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სისხლის სამართლის სფეროში გამოკვეთილ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმუშავებენ. საბჭოს მუშაობაში ხელს შეუწყობს იუსტიციის სამინისტროსთან ამ მიზნისთვის სპეციალურად შექმნილი საბჭოს სამდივნო და ეროვნული კოორდინატორი.