საარჩევნო კოდექსი

მუხლი 48. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა

1. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება:
ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
3. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია.
4. უწყებათაშორისი კომისია იქმნება არჩევნების წლის 1 ივლისს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.
5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი − კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც.
6. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.
7. უწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები), ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.
8. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის სხდომაზე შესაძლოა მიწვეულ იქნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
9. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეკომენდაციით მიმართოს ნებისმიერ საჯარო მოსამსახურეს, ადმინისტრაციულ ორგანოს, ცესკოს გონივრულ ვადაში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით.   
საქართველოს 2013 წლის  2 7 ივლისის ორგანული ანონი 878 – ვებგვერდი, 07 .0 8 .2013.

უწყებათაშორისი კომისიის დებულება