საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა

თარიღი: 08 ოქტომბერი 2019

2018 წელს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა  ცვლილება, რომლის თანახმად,  საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გამარტივდა.
 

 საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ჯერ არ შეჩერებიათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი,  2019 წლის 15 აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიემართათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
 


ერთი წლის მანძილზე (2019 წლის 15 აგვისტომდე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამ უფლებით მოსარგებლე პირთა მომართვიანობა მაღალი იყო - საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს მომართა 9348 საქართველოს მოქალაქემ.
 

მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით.


დამატებითი ინფორმაცია:

-    საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე;
 

-    იმ პირს, რომელიც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
 

პირს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს,  2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით აღდგენის მოთხოვნით, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. აღნიშნულმა პირმა ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს (უარის თქმის საფუძვლები მოწმდება).