იუსტიციის მინისტრმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

თარიღი: 25 სექტემბერი 2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიეგო კოლასს და მის მოადგილე ერიკ ტოსატის უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ტაბატაძე და გიორგი პატარიძე.

გაცნობით შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ფრანგ დიპლომატს იუსტიციის სამინისტროს როლი, სტრუქტურა და უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციური დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა, სახელმწიფოს ეფექტური წარმომადგენლობა საერთაშორისო სასამართლოებში იუსტიციის სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტებია. საუბარი შეეხო პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების რეფორმასაც.

საფრანგეთის ახალი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი პროფესიონალი დიპლომატია. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იგი მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, იყო საფრანგეთის საელჩოს დესპანი ალჟირში, საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი დიდ ბრიტანეთში.