იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

თარიღი: 17 სექტემბერი 2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკიშკას უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. გაცნობით შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ჩეხ დიპლომატს იუსტიციის სამინისტროს როლი, სტრუქტურა და უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციური დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა, სახელმწიფოს ეფექტური წარმომადგენლობა საერთაშორისო სასამართლოებში იუსტიციის სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტებია.

მინისტრმა ჩეხეთის ელჩს ინფორმაცია ასევე მიაწოდა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომლებიც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მხარეებმა ისაუბრეს პატიმართა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის, დანაშაულის პრევენციისა და განმეორებითი დანაშაულის შემცირების საკითხებზე. თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოებისა და კრიმინალის შემცირებისათვის ეს მიმართულებები უმნიშვნელოვანესია.