აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ერთობლივი განცხადება

თარიღი: 11 სექტემბერი 2019

აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარისა, და საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ერთობლივი განცხადება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ვრცელდება:
 

"2019 წლის 10 სექტემბერი: ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი უილიამ ბარი შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა პარტნიორობა სამართალდაცვის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის.

ორივე ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელ სასამართლოს, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურ სისტემასა და ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი, ბავშვების, როგორც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების, უფლებების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სამართლის უზენაესობის, ანგარიშვალდებული მთავრობისა და, ზოგადად, დემოკრატიისთვის.
 

გენერალურმა პროკურორმა ბარმა აღნიშნა ექსტრადიციისა და სამართლებრივი დახმარების საკითხებში აშშ-ისა და საქართველოს შორის მიღწეული შესანიშნავი თანამშრომლობის დონის შესახებ. თავის მხრივ, მინისტრმა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის გენერალურ პროკურორს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის საპროკურორო განვითარების, დახმარების და მომზადების ოფისისა (OPDAT) და ამ ოფისის თბილისში განთავსებული სამართლებრივ საკითხებში რეზიდენტი მრჩევლების (RLA) მიერ პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით კი, კანონპროექტების შემუშავებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროფესიონალთა ტრენინგების სფეროში.
 

აშშ-ის გენერალური პროკურორი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოს ძალისხმევის მხარდასაჭერად სასამართლო სისტემის რეფორმის გაღრმავების და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი მოდერნიზების მიზნით. კერძოდ, ისინი ისწრაფვიან, შეისწავლონ და განსაზღვრონ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შესაძლებლობები, რათა მან ექსპერტიზა და დახმარება შესთავაზოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირებისას რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მრავალფეროვანი სერვისების დანერგვის კუთხით.

ხელი მოეწერა ვაშინგტონში 2019 წლის 10 სექტემბერს."