თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა

თარიღი: 12 სექტემბერი 2019
ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი სერბეთში ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობაა. საზოგადოებრივი ცენტრის ექსპორტი სერბეთის ქალაქ ლაზარევაცში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად განხორციელდა.
 ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მას სერბეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა სერბეთსა და საქართველოს შორის ამჟამინდელი ინტენსიური ურთიერთობების გამო და საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება სერბეთის მხრიდან საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარებას და მზადაა, თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელოს.
სერბეთის პრემიერ-მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სერბეთს ბიზნესის კეთების რეიტინგის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. მხარეები ამ მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.  სერვისების მიწოდების ქართული მოდელის ექსპორტით სერბეთი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. საქართველოსთან ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა საზოგადოებრივი ცენტრის სერბული ანალოგი, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს სწრაფად და კომფორტულად მიაწვდის. პირველი საზოგადოებრივი ცენტრი სერბეთში ქალაქ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტში გაიხსნება და მას სიმბოლურად საქართველოს იუსტიციის მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ბრანკო რუჟიჩთან ერთად გახსნის.
ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანსა და სერბეთის რესპუბლიკაში ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდება.