უზენაესმა სასამართლომ გიორგი ნონიაშვილის სარჩელის მხოლოდ განსჯადობის საკითხი განიხილა

თარიღი: 07 აგვისტო 2019
იურისტ გიორგი ნონიაშვილის საქმე, სადაც გასაჩივრებულია იუსტიციის სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული კომენტარის წაშლა, განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას გადაეცა. უზენაესმა სასამართლომ განიხილა მხოლოდ  სარჩელის განსჯადობის საკითხი და მოსარჩელის მიერ არასწორად წარდგენილი სარჩელის თაობაზე მიიღო განჩინება იმის შესახებ, თუ რომელ სასამართლოს უნდა განეხილა მოცემული დავა. უზენაესმა სასამართლომ ეს დავა დაუქვემდებარა არა იმ კოლეგიას, რომელსაც მიმართა მოსარჩელემ შეცდომით, არამედ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. განჩინებაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის პოზიციის მხარდაჭერაზე ან რაიმე ტიპის დარღვევაზე.

შესაბამისად, იურისტ გიორგი ნონიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა „უზენაესმა სასამართლომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით სოციალური ქსელების შესახებ პირველი საქმე არსებითად განიხილა, გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მიიღო“, ამ საქმეში დაინახა „გამოხატვის თავისუფლების დარღვევა“, ან რომ საქმე გვაქვს საქართველოში პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან, რომელიც იცავს მოქალაქეების  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, წარმოადგენს ან შეგნებულ დეზინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ტყუილის გავრცელების გზით, ან უკიდურეს არაკვალიფიციურობას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება განსჯადობის შესახებ 2019 წლის 06 აგვისტოს ჩაბარდა.  რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, სარჩელი სამინისტროს ჯერაც არ ჩაბარებია. ამდენად, სამინისტრო დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.