სტრასბურგის სასამართლომ გოგალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

თარიღი: 18 ივლისი 2019
2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ.
2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 მუხლების (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევის დადგენა მოითხოვა.
2008 წლის 13 თებერვალს ბორჯომის პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის გამო ნოდარ გოგალაძე დააკავა. 2008 წლის 15 თებერვალს თბილისის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, სადაც მომჩივანს 2 თვე უნდა დაეყო წინასწარ პატიმრობაში, მას აღმოაჩნდა დაზიანებები. თავდაპირველად მომჩივანმა განაცხადა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა, თუმცა, 2008 წლის აპრილში თბილისის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მან პროკურორს განუცხადა, რომ ხუთმა პოლიციელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
2008-2009 წლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით ვერ დადგინდა კავშირი მომჩივნის დაზიანებებსა და იმ ჩივილებს შორის, რომლებიც მას იმ პერიოდში აღენიშნებოდა.
2016 წლის იანვარში გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მომჩივანს გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან არ გაუსაჩივრებია.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენებასა და დაზიანებებს, მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, არ იქნა ეფექტიანად გამოძიებული, როგორც ამას ითვალისწინებს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 6 000 ევროს გადახდა დააკისრა.