იუსტიციის მინისტრი „UNICEF“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

თარიღი: 17 აპრილი 2019

იუსტიციის მინისტრი „UNICEF“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა. თეა წულუკიანმა და აფშან ხანმა საქართველოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს საქართველოს უცხოეთში თავისი არასრულწლოვანი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. თეა წულუკიანმა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად

დაასახელა 2018 წლის ოქტომბერში წარმატებულად დასრულებული ჰუმანიტარული მისია, რამაც შესაძლებელი გახადა ერაყის ციხიდან საქართველოს სამი მოქალაქის − 6, 5 და 2 წლის ბავშვების − საქართველოში დაბრუნება. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვნები წარმატებით გადიან რეაბილიტაციის პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ „UNICEF“ კვლავ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დახმარებას ბავშვების დედის საქართველოში დასაბრუნებლად, რომელიც ამჟამად სასჯელს ერაყის ციხეში იხდის. ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტრო ერაყის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს.

იუსტიციის მინისტრმა აფშან ხანთან შეხვედრაზე საქართველოს ორი არასრულწლოვანი მოქალაქის ერაყიდან დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. ბავშვების დედა თეონა ტეფნაძე საქართველოშია და ვერ ახერხებს შვილების სამშობლოში ჩამოყვანას, რომლებიც ბაღდადში მამის მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრომ თეონა ტეფნაძეს ერაყში აუყვანა ადგილობრივი ადვოკატები, რომლებიც ბაღდადში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე იცავენ მისი და ბავშვების ინტერესებს და სამართლებრივად იბრძვიან არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად; მიმართა ერაყის იუსტიციის სამინისტროს სპეციალური საერთაშორისო კონვენციის – ბავშვთა გატაცების შესახებ ჰააგის კონვენციის ფარგლებში და მოითხოვა არასრულწლოვნების სამშობლოში დაბრუნება; პროცესში ჩართო ერაყის საელჩო საქართველოში და საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ერაყის რესპუბლიკას და მიმართა გაერო-ს ბავშვთა ფონდს ერაყში, რომელიც, ასევე, იცავს საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების ინტერესებს, ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ დამდგარა.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ 1-ლ აპრილს გახდა ცნობილი. იუსტიციის სამინისტრომ ვიდეოზარი განახორციელა ერაყში და თეონა ტეფნაძემ შვილებთან საუბარი შეძლო. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება ბავშვების ინტერესების დაცვა და მათი დედასთან დაბრუნება.

იუსტიციის სამინისტრო „UNICEF“-თან კიდევ ერთი საქმეზე თანამშრომლობს, რომელიც საქართველოს მოქალაქე თეა აბულაძის არასრულწლოვანი შვილის სამშობლოში დაბრუნებას ეხება. გაერო-ს ბავშვთა ფონდის ერაყის ოფისის დახმარებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აიყვანა ადგილობრივი ადვოკატები, რომლებიც იცავენ თეა აბულაძის სამართლებრივ ინტერესებს ერაყში.

თეა წულუკიანმა აფშან ხანს იმ რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ინტერესების დაცვისათვის განახორციელა, ისაუბრა 14 წლამდე ასაკის ბავშვთა დანაშაულის პრევენციის მექანიზმზეც, რომელიც ბავშვთა რეფერირების ცენტრის შექმნას გულისხმობს.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, უკვე სამი წელია, საქართველო ინარჩუნებს ადგილს ტრეფიკინგთან მებრძოლი ქვეყნების პირველ კალათაში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად დასახელდა.

იუსტიციის მინისტრისა და „UNICEF“-ის რეგიონული ხელმძღვანელის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.