საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

თარიღი: 29 მარტი 2019
2015 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკება იუსტიციის სამინისტროსა და  „Eurojust“-ს შორის ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ წარმატებით დასრულდა − საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება 29 მარტს გაფორმდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა და ევროჯასტის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელს ჰააგაში მოაწერეს.  ევროჯასტის პრეზიდენტმა  ლადისლავ ჰამრანმა იუსტიციის მინისტრს პირადად გადაუხადა მადლობა ევროჯასთისა და საქართველოს დაახლოების მიზნით გაწეული სამუშაოსთვის.
„Eurojust“ ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სააგენტოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე,  მეკავშირე პროკურორების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას.
შეთანხმების გაფორმების მიზნით „Eurojust“-თან  მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმართავდა და ხელმძღვანელობდა. პროცესის წარმატებით დასრულებისათვის არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის − უმაღლეს დონეზე.
 მოვლენათა ქრონოლოგია ასეთია: 
  • ევროჯასტსა და საქართველოს შორის აქტიური კომუნიკაცია  დაიწყო 2013 წლიდან, რაც, ასევე, გულისხმობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და საქართველოს გენერალური პროკურატურიდან ტექნიკურ დონეზე საკონტაქტო პირების (ე.წ. focal point) დანიშვნას;
  •  2014 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი გაიმართა ჰააგაში, რომლის მიზანი  იყო საქართველოსა და ევროჯასტის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლა სამართლებრივი თანამშრომლობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და სამომავლო თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა;
  • 2015 წელს ევროჯასტსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადავიდა მაღალ დონეზე − 2015 წლის 29 სექტემბერს ევროჯასტის იმჟამინდელ პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან იუსტიციის მინისტრის პირველი შეხვედრის შემდეგ. ამავე წელს ევროჯასტმა საქართველო პრიორიტეტული ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სააგენტომ საქმიანობის დღის  წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად განსაზღვრა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება;
  • 2017 წლის 22-23 მაისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროჯასტის ექსპერტთა მისია, რათა ადგილზე შეესწავლათ, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმები რამდენად შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებს. ვიზიტის შედეგად ექსპერტებმა მოამზადეს პოზიტიური ანგარიში, რომელმაც შექმნა საფუძველი, რომ ევროჯასტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შეთანხმების მოლაპარაკებები ინტენსიურ ფაზაში გადასულიყო;
  • პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა 2018 წლის იანვრიდან, როდესაც ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ჰააგაში „Eurojust“-თან ოფიციალურ მოლაპარაკებებზე და საქართველოს გადმოეცა ორმხრივი შეთანხმების პროექტი;
  • სააგენტოსთან ოფიციალური მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი გაიმართა 2018 წლის 16 აპრილს, როდესაც მხარეებს შორის შეჯერდა ტექსტის პროექტი. შეთანხმების პროექტი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გავლით განიხილეს შესაბამისმა უწყებებმა;
  •  2018 წლის 3 ივლისს ქართული მხარის მიერ პარაფირებული შეთანხმების პროექტი მიეწოდა  „Eurojust“-ს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დოკუმენტის შემდგომი განხილვისა და შიდა პროცედურების გავლის მიზნით;
  •   2019 წლის 14 თებერვალს ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი „Eurojust“-ის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე;
  • 2019 წლის 4 მარტს ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა  საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხს და დაამტკიცა შეთანხმების პროექტი. 
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლისათვის. ევროჯასტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადასვლა მიუთითებს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო − ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია; ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას; ტრანსნაციონალურ დანაშაულთან კოორდინირებულ ბრძოლას; ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.