თეა წულუკიანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“

თარიღი: 22 მარტი 2019
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები − ამ თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გახსნეს.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მიზნებისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას საკმაოდ მდიდარი პრეისტორია აქვს. ეს კომისია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც  „ქართული ოცნება“ იყო ოპოზიციაში და შეიქმნა, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მაშინ არ არსებობდა ფორუმი, პლატფორმა, სადაც პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვდებოდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლებს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ 2013 წელს, უკვე მისი ხელმძღვანელობის პერიოდიდან, უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრის თქმით, მანამდე ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში. ასეთები იყვნენ, მაგალითად, იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც წინა ხელისუფლება თავისივე შეფასებით პრორუსულად ჩათვლიდა.

„იმ კომისიას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ უკვე მეშვიდე წელია, მოწვეული ჰყავს ყველა პარტია და, 2018 წელს, მოწვეულნი იყვნენ ისინიც კი, ვისაც საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდა. წინა ხელისუფლება სულ 4-5 არასამთავრობო ორგანიზაციას აძლევდა საშუალებას, დასწრებოდნენ კომისიის სხდომებს, დანარჩენებს ეს საშუალება არ ჰქონდათ. უკვე ჩემი ხელმძღვანელობის დროს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც, თუნდაც, შედგებოდეს 2-3 ადამიანისგან და არ ჰქონდეს არანაირი დაფინანსება და გრანტი, ჩვენი კომისიის კარი ღიაა. ასევე, ამ პერიოდში მოხდა ის, რომ კომისიას დაემატნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო, რადგანაც, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ არსებობდა ე. წ. სპეცუბნები. მაშინ თავდაცვის სამინისტრო ანაცვლებდა ცესკო-ს და საკუთარ ყაზარმებსა და ტერიტორიებზე ატარებდა არჩევნებს და ჰყავდა ამომრჩეველი. მე ჩავთვალე, რომ ამის გამო თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები უნდა შემოსულიყვნენ კომისიის შემადგენლობაში. ჩემი ინიციატივით კომისიის შემადგენლობაში შემოვიდა სუს-იც“, − განაცხადა თეა წულუკიანმა თავის მოხსენებაში.

იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის პრინციპზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომისია განიხილავდა დარღვევების შესახებ  შემოსულ საჩივრებს და აწარმოებდა მედიამონიტორინგს. მინისტრის თქმით, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ფაქტზე არ შემოსულა საჩივარი და კომისიას მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაუწყია ფაქტზე მოკვლევა.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალადობის ფაქტები იყო ნაკლები, ნაკლები ვიდრე არა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს, არამედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ჩატარებული ნებისმიერი სხვა არჩევნების დროს. „არჩევნების დროს ფიზიკური ძალადობის შემცირების ტენდენცია ცალსახად სახეზეა. თუმცა, ძალადობის ფაქტები იყო და ჩვენი კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 25 საქმეზე, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა საარჩევნო სიების დახვეწის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევის შესახებ. მისი განცხადებით,  ამის შედეგი არის ის, რომ საარჩევნო სიას დღეს აქვს ნდობა.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს საარჩევნო სიას. მათ შორის, ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე გადის ძალიან დიდი სტრატეგიული ხაზი საარჩევნო სიისა, რადგან ჩვენ ფოტოსურათიანი საარჩევნო სია შემოვიტანეთ 2014 წელს, რაც მანამდე საოცნებოდ გვქონდა, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

გამოსვლის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც ჩაერთოს დისკუსიაში თემაზე − თუ სად შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებული უწყებათაშორისი კომისიის გადატანა, და განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მხოლოდ და მხოლოდ იმ წინადადებას, რომ  იგი გადატანილ იქნეს ნეიტრალურ ორგანოში და კომისიამ გააგრძელოს ეფექტური მუშაობა, უკვე მიღებული შედეგების შენარჩუნება და დახვეწა.