თეა წულუკიანი: ,,ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ იდეალური სამყარო შემექმნა ოთხ წელიწადში, თუმცა, 55% სასამართლოს მომხმარებლების ამბობს, რომ სასამართლო დღეს არის უფრო სანდო და დამოუკიდებელი, ვიდრე ადრე“

თარიღი: 20 მარტი 2019
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მართლმსაჯულების რეფორმაზე და ე.წ. მოსამართლეთა სიაზე.

„ჩემი პასუხისმგებლობა ე.წ. მოსამართლეთა სიაზე არ არსებობს, ჩემი პასუხისმგებლობა ამ სიასთან დაკავშირებით არის ნული. ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც მაქვს არის ის, რომ ჩავრთე ტელევიზორი და მოვისმინე, რომ თურმე იურიდიულ კომიტეტში საბჭოს გადაუგზავნია მოსამართლეთა სია. თქვენ შეიძლება პასუხისმგებლობაში იმას გულისხმობდით, რომ რატომ არ ვიცოდი, ტელევიზორით რატომ გავიგე, რატომ არ გაგაგებინეთ, ეს აღარ არის იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია. თქვენ ჩახედავთ კონსტიტუციასაც, ჩახედავთ სხვა კანონებსაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან ამ ორგანოს სახელწოდების პირველი სიტყვა არის „იუსტიცია“, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ჩემი ქვედანაყოფი. ეს არის მართლმსაჯულების სისტემა, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და დიახ, გიდასტურებთ, რომ ამ სიაზე ჩემი პასუხისმგებლობა არის ნული. როგორც თქვენ, ალბათ, ჩემზე ადრეც მოისმინეთ მედიის საშუალებით ამ სიის შემადგენლობა, ისე მე მოვისმინე. იქ, სადაც არის ჩემი პასუხისმგებლობა, არის რეფორმის სამი ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ეს კიდევ ის რეფორმებია, რომელთა შედეგებიც გაზომა უკვე „IPSOS France“-მ. თუ მას არ ენდობით, პარტიამ დააფინანსეთ და გაზომეთ ეს შედეგები და ის შედეგები ირწმუნეთ.

ამ რეფორმების შედეგად, 55% სასამართლოს მომხმარებლების ამბობს, რომ სასამართლო დღეს არის უფრო სანდო და დამოუკიდებელი, ვიდრე ადრე. ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ იდეალური სამყარო შემექმნა ოთხ წელიწადში. ამის შემდეგ რეფორმის პროცესს უძღვება უკვე პარლამენტი. მეოთხე ტალღა ჰქვია ამას. თქვენ დღეს კენჭი უყარეთ სწორედ ახალ კანონს და აქვე დავძენ − მიუხედავად იმისა, რომ მე მასზე არ მიმუშავია, ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა, ვენეციის კომისია თავის სათქმელს, იმედია, მალე იტყვის. მომწონს მე ვენეციის კომისიის შეფასებები, რომელმაც 2013 წელს პირდაპირ ფეხი დამიდო, ამას სხვა არაფერი ჰქვია, იმისთვის, რომ უვადო დანიშვნის ინსტიტუტი შეჩერებულიყო, პრობაციის, ანუ გამოსასწორებელი ვადა ყოფილიყო წესი და უვადო დანიშვნა გამონაკლისი?! იყო, ასევე, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს ჩემი მიდგომა  არ იყო ევროპული სტანდარტი და როდესაც მე ვამბობდი − ეს ევროპული სტანდარტი კი არის, მაგრამ ქართულ რეალობაში ეს არ გაამართლებს, მათ შავით თეთრზე ჩამიწერეს, რომ ეს არ არის კარგი. ეს იყო ასე და მე მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო ყველა იმ ნაბიჯსა და შეცდომებზეც, თუკი რამ დამიშვია, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ჩემი არ არის. ეს პასუხისმგებლობა უკავშირდება, ბოდიშს ვიხდი, წარმატებებს მართლმსაჯულების რეფორმაში, რადგან დღევანდელი საბჭო არ არის პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული, დღეს ბავშვებს არ ვყრით ციხეში, განუკითხაობა არ სუფევს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში და 4-დან 5%-მდეა თვეების მიხედვით − გააჩნია, რომელ მაჩვენებელს შეხედავთ − გამამართლებელი განაჩენების რიცხვი. დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რაც უნდა კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი მოსამართლის ამა თუ იმ პერსონალიის მიმართ, მაინც სჯერათ, რომ მიმართავს სასამართლოს და გაიმარჯვებს. დღეს სახელმწიფო 70%-ზე მეტ დავას აგებს სასამართლოში, ეს, მე მგონი, კარგია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.