საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ნარკოტიკების კომისიის სესიის მუშაობაში მონაწილეობს

თარიღი: 19 მარტი 2019
საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ვენაში მიმდინარე გაერო-ს ნარკოტიკების კომისიის 62-ე  სესიასა და მინისტერიალში მონაწილეობს.

გოჩა ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა კომისიის სხდომაზე. მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის მზარდ საშიშროებას, რაც საერთაშორისო საზოგადოების საერთო წუხილს წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მსოფლიო ნარკოტიკების პრობლემას სახელმწიფოები ებრძოლონ ინტეგრირებული და დაბალანსებული მიდგომებით იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გაერთიანებული ერების ნარკოტიკების კონტროლის სამი საერთაშორისო კონვენციის მიზნების იმპლემენტაცია.

გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ისეთი პოლიტიკის განვითარება და იმპლემენტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისაკენ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ასახავს და ეფუძნება ოთხსვეტოვან მიდგომას. მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციის შეთავაზება ნარკოდამოკიდებული პირებისათვის და მოთხოვნის, მიწოდებისა და ზიანის შემცირება.
ეროვნულ დონეზე აღნიშნული მიდგომების გატარებას უზრუნველყოფს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭო აერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს − სახელმწიფო უწყებებს, ექსპერტებს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ  და აკადემიის წარმომადგენლებს.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ დემოკრატიული კანონშემოქმედების და პოლიტიკის ფორმირების კულტურის დამკვიდრებას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
სესიის ფარგლებში დღეს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული  ღონისძიება, რომელზეც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვადასხვა უწყების კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელებენ.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სამინისტროს (ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო), შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის (EU-Act) წარმომადგენლები.

62-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობენ  გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მაღალი დონის დელეგაციები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.