„IPSOS France“-ს, „Amicus Curiae“-სა და პროფესორ იან ვან დაიკის კვლევა: „საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს“

თარიღი: 15 თებერვალი 2019
გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“.

კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს. 
2013 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

ამასთან, ჩატარდა თვითშევსებადი ინტერვიუები დაინტერესებული მხარის ოთხი ჯგუფის პროფესიონალებთან მათი რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე: პროკურორები (159), ადვოკატები (380), მოსამართლეები (213) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (12).  პირისპირ ჩატარდა, ასევე, ინტერვიუები შემთხვევით შერჩეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც იმჟამად სარგებლობდნენ სასამართლოთი და იყვნენ რომელიმე მხარე სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართალწარმოებაში (186 რესპონდენტი). 
კვლევის შედეგებმა აჩვენა შემდეგი:
  • საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც  52%-ია;
  •  სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს;
  • პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ადვოკატთა 57%-ის აზრით,  სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%);
  •  საქმეების ელექტრონულად განაწილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება პოზიტიურად შეფასდა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ;
  • სასამართლოთი მოსარგებლეთა ფიზიკური და იურიდიული პირების უმრავლესობამ, ასევე, პოზიტიურად შეაფასა თავისი გამოცდილება, მაგალითად, სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისა და ღიაობის კუთხით,   ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის და უფასო იურიდიული დახმარების ნაწილში.
რაოდენობრივი კვლევის ძირითადი მიგნებები:
  • რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს;
  • მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო;
  • მოსახლეობის აზრით, სამი მთავარი ფაქტორი − თუ როგორია საქართველოში სასამართლო, არის შემდეგი: ნელი (67%); ძვირი რიგითი მოქალაქეებისთვის (ძვირი რიგითი მოქალაქეებისათვის (სასამართლო და ადვოკატის ხარჯები 66%) და საკმარისად მკაცრი დამნაშავეთა მიმართ (57%);
  • დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება 55%;
  • რესპონდენტთა 41% თვლის, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა;
  • რესპონდენტთა თითქმის იდენტური რაოდენობა როგორც ეთანხმება (42%), ისე არ ეთანხმება (45%) დებულებას, რომ საქართველოში მოსამართლეები თანმიმდევრულნი არიან ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირებისათვის სასჯელის შეფარდებისას;
  • რესპონდენტთა 56% აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეები სასჯელის შეფარდებისას მათზე უფრო მკაცრები არიან;
  • ხუთიდან სამ რესპონდენტზე მეტს სმენია საქართველოში 2013 წლის შემდეგ განხორციელებული შემდეგი რეფორმების შესახებ: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა (68%), მოსამართლეების უვადო დანიშვნა (65%), მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა (65%); ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (64%), სასამართლო სხდომების საჯაროობა (61%);
  • სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას;
  • სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე;
  • სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 47%-ის აზრით, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა;
  • სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, მოსახლეობის 46%-ის აზრით, დახვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხოლო 39%-ის აზრით, საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში;
  • რესპონდენტთა ერთი მესამედი (35%) თვლის, რომ სასამართლოებში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მიღება და მხარდაჭერა არის საკმარისად ორიენტირებული დაზარალებულზე;
  • რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (ჯამში 85%) აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 
კონსორციუმის შესახებ: 
მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდით მესამე „Ipsos“ („იფსოსი“)1975 წელს დაარსდა (პარიზი, საფრანგეთი). „Ipsos“-ის ოფისები დღეს 87 ქვეყანაში აქვს  და, საერთო ჯამში, 16,530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.  

ბოლო წლებში „Ipsos Public Affairs France“-მ განახორციელა მრავალი ფართომასშტაბიანი კვლევა ადგილობრივ, შიდა და საერთაშორისო პრობლემურ საკითხებზე; მათ შორის, „გლობალური დემოკრატიის მდგომარეობა“, ყოვლისმომცველი კვლევა „პოლიტიკური ინოვაციების ფონდისთვის“ („Fondation pour l’Innovation Politique“) დემოკრატიული სისტემის აღქმაზე 22 ქვეყანაში (2017). მეორე ტალღა ჩატარდა „პოლიტიკური ინოვაციების ფონდისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისთვის“ („International Republican Institute“) 42 ქვეყანაში და გამოქვეყნდება მიმდინარე წლის გაზაფხულზე; „საფრანგეთის არჩევნების კვლევა 2017“ ხანგრძლივი პანელური კვლევა „CEVIPOF“-ისა და „მონდისათვის“, რომლის ფარგლებშიც „Ipsos“-მა 25,000 ამომრჩეველი განმეორებით გამოკითხა 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით ამომრჩეველთა ქცევის დინამიკის შესწავლის მიზნით; „რა აღელვებს მსოფლიოს“, ყოველთვიური ბარომეტრი ეკონომიკურ ნდობაზე და მოქალაქეების ძირითადი წუხილები 25 ქვეყანაში. კომპანია, ასევე, ახორციელებს თვისობრივ/რაოდენობრივ კვლევებს მთავრობების, სამინისტროების და სახელმწიფო დაწესებულებებისათვის. 

საქართველოში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა კვლევის დირექტორმა მეთიუ გალარდმა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ხელმძღვანელობს („Ipsos“-ის საზოგადოებრივ საქმეთა, სოციალურ და საზოგადოებრივი აზრის კვლევის დეპარტამენტი).

ტილბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი ვიქტიმოლოგიასა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში იან ვან დაიკი წლების განმავლობაში ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს  სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას დაარსებული აქვს მსხვერპლთა მხარდაჭერის ცენტრი ნიდერლანდებში, იყო მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. 

ვან დაიკი არის დანაშაულისა და კრიმინალური სამართლის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი მსოფლიოში, რომელიც მუშაობდა გაერო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებისთვის. არის 200-ზე მეტი სტატიის ავტორი აკადემიურ ჟურნალებში; 2012 წელს დაჯილდოვდა კრიმინოლოგიაში სტოკჰოლმის პრიზით.

„გორბი“ − საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  შეიქმნა და ფუნქციონირებს 1991 წლიდან.  „გორბი“ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა დასავლური სტანდარტებისა და კვალიფიკაციის მქონე  წამყვან კვლევით ორგანიზაციად. იგი აწარმოებს ყოველგვარ რაოდენობრივ და ხარისხობრივ კვლევას, მათ შორის, სამეცნიერო გამოკვლევებს, ჯგუფურ დისკუსიებს, ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, მარკეტინგული და სამომხმარებლო ბაზრის კვლევებს, გარკვეული მარკის სასაქონლო ბაზრის, მომხმარებლების განწყობისა და ბაზრის განვითარების შესწავლას. „გორბს“ განხორციელებული  აქვს პროექტები ათზე მეტ ქვეყანაში; 2003 წლიდან არის გელაპის საერთაშორისოა ასოციაციის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

კვლევის პრეზენტაცია „გორბის“ ხელმძღვანელმა მერაბ ფაჩულიამ გამართა.

საქართველოს სასამართლო სისტემის აღქმა მოსახლეობის მიერ
Public Perception of the Judicial System in Georgia
კვლევა-სასამართლო რეფორმები საქართველოში
Research-Judicial Reform in Georgia