იუსტიციის მინისტრმა საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს მიმართა

თარიღი: 28 თებერვალი 2018
იუსტიციის მინისტრი  საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით იმართება.  შეხვედრის თემაა „ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი  მოქალაქეთა ჩართულობის პროცესში“.

თეა წულუკიანმა კონფერენციას მონაწილეებს მიმართა. იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში საარჩევნო სიების სრულყოფის პროცესსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩეველთა მაქსიმალურად სრულყოფილი სიის გადასაცემად იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო 2013 წლიდან მუშაობს მონაცემთა ბაზებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ საქმიანობის შედეგად დღეისათვის მოქალაქეთა ერთიან ბაზაში, რაც საარჩევნო სიის ძირითადი წყაროა, 3.496.461 პირის მონაცემებია. მათგან 2 675 125  მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მონაცემები უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ 778.207 მონაცემი იყო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან 1 373 965 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 1 183 101 პირადობის მოწმობა).

თეა წულუკიანმა თქმით, სერვისების განვითარების სააგენტოს „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტის“ შედეგია ის, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 2017 წლის ანგარიშში ხაზი გაუსვა საარჩევნო სიების სანდოობას. კერძოდ, მასში ნათქვამია: „ხელისუფლებამ სათანადო ძალისხმევის შედეგად შეძლო, გაეუმჯობესებინა საარჩევნო სიების ხარისხი. მთლიანობაში დაინტერესებულ  მხარეებს აქვთ ნდობა საარჩევნო სიების საიმედოობასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზე“.

იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ტენდენციაზეც ისაუბრა, რასაც, 2013 წლიდან მოყოლებული, შეუქცევადი ხასიათი აქვს. ამას ადასტურებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მონაცემები. კერძოდ, 2014 წელს კომისიის საქმიანობისას (რომელიც მოიცავდა 3-თვიან პერიოდს) შემოვიდა 151 განცხადება, 2016 წელს (რომელიც მოიცავდა 5-თვიან პერიოდს) −  113 განცხადება, ხოლო 2017 წელს − 88 განცხადება. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეინიშნება კანონდარღვევების რაოდენობის მკვეთრი შემცირების ტენდენცია  − 2014  და 2017 წლების მონაცემებს შორის 42%-იანი კლებაა.  56%-იანი კლებაა იმ საქმეებთან დაკავშირებითაც, რომლებზე გამოძიების დაწყება გახდა საჭირო (2016 წ. − 111 საქმე; 2017 წ. − 48 საქმე).

მნიშვნელოვანი კლებაა კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების რაოდენობაშიც. 2014 წელს კომისიამ 20 რეკომენდაცია გამოსცა;  2016-სა და 2017-ში, შესაბამისად, 7 და 8.

საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიურ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა, გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ჯერომ ლერომ.

კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.