საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

თარიღი: 31 იანვარი 2018
საქართველოსა და ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანო „Eurojust“-ს შორის  თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.  დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს („Eurojust“) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვასა და საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხებს ეხებოდა.

„Eurojust“ ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე,  მეკავშირე ოფიცრების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას.
საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ევროჯასტთან ურთიერთობა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით და დღის წესრიგით გათვალისიწინებული ვალდებულება, მას, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პროკურატურისა და სამართალდამცავი სისტემის ინტეგრირებისათვის ევროკავშირის სამართლებრივ სივრცეში.

„ევროჯასტთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო, ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია. ეს ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას; ეს ნიშნავს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან კოორდინირებულ ბრძოლას; ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში შეთანხმების გაფორმება და ამ მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყება ამ ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპია.
ღონისძიებას ჰააგაში ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს მისიის სამართლებრივი მრჩეველი და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის წარმომადგენელი.

პირველი შეხვედრა ევროჯასტის პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან იუსტიციის მინისტრმა 2015 წლის 29 სექტემბერს გამართა. მას შემდეგ ქართული მხარე აგრძელებდა მუშაობას ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს პროცესი დღეს წარმატებით დასრულდა - საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.