საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს შეხვდა

თარიღი: 18 იანვარი 2018
კარიბის ზღვის ქვეყნების სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერმა გასტონ ბრაუნმა თეა წულუკიანს მთავრობის სასახლეში უმასპინძლა და მადლობა გადაუხადა სამიტში მონაწილეობისთვის. პრემიერის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომლისგანაც ანტიგუა და ბარბუდას ბევრის სწავლა შეუძლია. „მოხარული ვარ, რომ დაიწყო მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენთვის ბევრი მიმართულებით სამაგალითოა საქართველოს მიღწევები. ველი ამ ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას“, − განაცხადა პრემიერმა.

იუსტიციის მინისტრმა, თავის მხრივ, გასტონ ბრაუნი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე ზაფხულში საქართველოში მოიწვია. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის; ამასთან, შემოგთავაზოთ სერვისების გაცემისა და ელექტრონული მმართველობის შესახებ ჩვენი გამოცდილების გაზიარება. თუკი თქვენი სურვილი იქნება, ჩემი სამინისტრო უმასპინძლებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფს, რათა ადგილზე გაიარონ მოკლე ტრენინგკურსი ელმმართველობის თაობაზე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა კარიბის ზღვის ქვეყნების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ანტიგუა და ბარბუდაშ
ი გაიმართა.