ბრიტანეთის საბჭო იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ინგლისური ენის კლუბებს ხსნის

თარიღი: 19 დეკემბერი 2017
იუსტიციის სამინისტროს 6 საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბები ამოქმედდება. ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, კაბლის, წალკისა და ვალეს ახალგაზრდები ინგლისური ენის შესწავლას ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით შეძლებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის  − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მემორანდუმის თანახმად, ბრიტანეთის საბჭო საქართველოს 6 სოფელში ინგლისური ენის სწავლებისათვის იუსტიციის სამინისტროს სოფლად არსებულ თანამედროვე ინფრასტრუქტურას გამოიყენებს. აქ გაიხსნება ინგლისური ენის კლუბები, რომლებსაც ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან, ისარგებლებენ  ცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო- თუ ვიდეომასალით, მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში.

6 საზოგადოებრივი ცენტრი სხვადასხვა ნიშნით შეირჩა: ორსანტია ოკუპირებულ  ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, კაბალი და წალკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებია, დიდი ჯიხაიში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილია, ვალე სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, ჩაქვი კი, ტურისტულად აქტიური რაიონია.

საზოგადოებრივი ცენტრები უმასპინძლებენ ინგლისური ენის მასწავლებლებსაც. ბრიტანეთის საბჭო მათ პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნებს − სპეციალურად მათთვის მოწყობილ  ტრენინგებსა და სემინარებს პედაგოგები სოფლებიდან გაუსვლელად საზოგადოებრივ ცენტრებში დაესწრებიან.

ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინგლისური ენის კლუბების ორგანიზებისათვის საზოგადოებრივი ცენტრები მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეირჩა. უმეტეს სოფლებსა და რაიონებში ცენტრები ყველაზე თანამედროვე შენობებია, რომლებიც აღჭურვილია  კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით. მათი მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.

იუსტიციის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ სერვისების გარდა, ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას საგანმანათლებლო პროგრამებსაც სთავაზობს.

საზოგადოებრივმა ცენტრებმა უკვე უმასპინძლეს ტრენინგებს ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, აგრეთვე, ქართული ენის შემსწავლელ კურსებს ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის; დღეიდან კი, აქ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის კლუბებიც ამოქმედდება, რაც ადგილობრივი სკოლების როგორც  მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს ენის თანამედროვე მეთოდებით, მათ შორის, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ათვისების შესაძლებლობას მისცემს და ცოდნის მიღების პროცესს კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.