„OGP“-ის მმართველო კომიტეტის თავმჯდომარის − საქართველოს იუსტიციის მინისტრის − ვიზიტი ინდონეზიაში გრძელდება

თარიღი: 15 დეკემბერი 2017
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „OGP“-ის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ღონისძიების მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მინისტერიალის ფარგლებში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შემდეგ, სადაც თეა წულუკიანმა საქართველოს წარმატებულ მაგალითზე  ისაუბრა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ავღანეთის, ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ინდონეზიის მთავრობების წარმომადგენლებთან.
პარტნიორი ქვეყნების მთავრობები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  ქართული გამოცდილებით არიან დაინტერესებულნი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას „OGP“-ის ფარგლებში წარმატება მოუტანა − საქართველო გახდა მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც 75 სახელმწიფოსაგან შემდგარ პლატფორმას ხელმძღვანელობს. „OGP“-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. ის წარმართავს ქვეყანაში „ღია მმართველობის“ პროცესს.
„გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები. ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველომ მათ გაუზიაროს თავისი გამოცდილება და, ასევე, დაანახვოს, როცა ასეთი არსებობს, ის პრობლემები, რაც ჩვენ გვქონია ხოლმე, თუნდაც, კორუფციასთან ბრძოლის დროს სოფლად სახელმწიფო სერვისების შეტანისას; იმისათვის, რომ მათ სხვების სირთულეებზე ისწავლონ და უფრო სწრაფად წაიწიონ წინ. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩავატარეთ ავღანეთის მეორე ვიცეპრეზიდენტთან,  რომელსაც „OGP“-ის თემები მიჰყავს თავის ქვეყანაში; რომელსაც შესანიშნავად ესმის, თუ რამდენად რთულია, როგორც ეს არის დღეს საქართველოში, რომ გქონდეს ქვეყნის შიგნით ოკუპაცია, მიმდინარე ანექსია და, მეორე მხრივ, ცდილობდე, ააშენო ძლიერი და გახსნილი ქვეყანა. ამ მხრივ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომდევნო ურთიერთობები და შეხვედრები ქაბულში გაგრძელდება, რათა ადგილზე ვნახოთ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ავღანური პრობლემები და გავუზიაროთ მათ ჩვენი გამოცდილება“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.  
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, როგორც მმართველი კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტნიორ ქვეყნებს „ღია მმართველობის“ პლატფორმის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტები გააცნო, ესაუბრა 2018 წლის ზაფხულში თბილისში დაგეგმილ „OGP“-ის გლობალურ ფორუმზე განსახილველ საკითხებსა და თემატიკაზე და ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორემების შესახებ, რომლებიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმი ინდონეზიაში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი მის მუშაობაში „OGP“-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს. ღონისძიებას 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
„OGP“-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.