ქართული რეფორმები და გაერო-ს მდგრადი განვითარების გეგმა − ალექსანდრე ბარამიძემ კონგრესის მონაწილეებს ქართული გამოცდილება გაუზიარა

თარიღი: 11 დეკემბერი 2017
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დიუსელდორფში გამართული კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა, სადაც გაერო-ს მდგრადი განვითარების გეგმის იმპლემენტაციაზე იმსჯელეს.

ალექსანდრე ბარამიძემ პლენარულ სხდომაზე „მდგრადობის ათწლედი“ დამსწრეებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელებასა და ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს როლთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა.

მდგრადი განვითარების არქიტექტონიკა საქართველოში; სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის; საქართველოს ხელისუფლების გეგმები ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების მდგრადი განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში ინტეგრირების კუთხით; რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ალექსანდრე ბარამიძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ხელისუფლებასა და ხალხს იმ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც საქართველო ამ ქვეყნისგან იღებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციის სფეროში.

თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

დიუსელდორფში გამართულ კონგრესში მონაწილეობდნენ გერმანიის მაღალი დონის პოლიტიკური და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები აკადემიური წრეებიდან, კერძო სექტორიდან, მედიიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, აგრეთვე, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.