საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან აგვისტოს ომის თემაზე ინტენსიურ დიალოგს აგრძელებს

თარიღი: 08 დეკემბერი 2017
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიის ფარგლებში პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებს ხვდება. ყველა შეხვედრის თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა.

პარტნიორი ქვეყნების ინფორმირება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა პარტნიორ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განუმარტა, თუ რა სირთულეები არსებობს ჰააგის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ჰააგის სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუციაა ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც საკუთარი ინტერესების დაცვას მხოლოდ სამართლებრივი გზების გამოყენებით ხედავს. მისივე თქმით, მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებისთვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის.

ამასთან, დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინსტიტუციურ და სამართლებრივ გაძლიერებას ემსახურება, რათა სასამართლოს მანდატი სრულად და ეფექტურად შესრულდეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრების დროს აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესს მრავალი სირთულე  ახლავს თან და საქართველოს იმედი აქვს, რომ პარტნიორი ქვეყნები და ცივილიზებული მსოფლიო ყველაფერს გააკეთებენ 2008 წლის ომის საქმეზე  მართლმსაჯულების აღსასრულებლად.

პარტნიორი ქვეყნების დელეგაციებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმ საინფორმაციო საქმიანობის ნაწილია, რომელსაც ქართული დელეგაცია რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის ფარგლებში ახორციელებს. ნიუ-იორკში ყოფნისას დელეგაცია უკვე შეხვდა ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, არასამთავრო ორგანიზაციებს და საერთაშორისო მისიებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ 2008 წლის ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების შესახებ. რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის გამოსვლის მთავარი თემები, რომლებითაც მან პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა.

ქართული დელეგაცია გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ასამბლეა 4 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს გურმენდიმ და ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გახსნეს.