გოჩა ლორთქიფანიძე: „საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია“

თარიღი: 07 დეკემბერი 2017
რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია − ამ თემებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაზე. გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-16 სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კი, ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთათვის და განაცხადა, რომ ამისათვის საქართველოს სახელმწიფო ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმე ჰააგის სასამართლოს გამოსაძიებელ საქმეებს შორის პირველი ევროპული კონფლიქტია;  ასევე, პირველი საქმეა, რომელიც  საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება და სადაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის ფაქტორი. ამიტომ მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებისათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის.

რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე განსაკუთრებით ღირებულია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია. გარდა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობისა,  ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ 2008 წლის ომის დანაშაულების შესახებ. შედგა არაერთი შეხვედრა პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებთან 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად. დელეგაცია შეხვდა, ასევე, ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებს  მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით.

ქართული დელეგაცია გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ასამბლეა 4 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს გურმენდიმ და ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გახსნეს.