იუსტიციის მინისტრის მოადგილე რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაში მონაწილეობს

თარიღი: 05 დეკემბერი 2017
საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, რომელსაც ქალაქი ნიუ-იორკი მასპინძლობს.

ასამბლეა 4 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიოს გუტიერესმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს დე გურმენდიმ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ.

ქართული დელეგაციის მონაწილეობა ასამბლეაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა სულ უფრო ინტენსიურ ფაზაში შედის.  

ქართული მხარე ასამბლეის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გეგმავს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მნიშვნელოვან გზავნილებს გააჟღერებს გენერალურ დებატებზე; დელეგაცია გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს − რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდის ინფორმაციას 2008 წლის ომის საქმის გამოძიების შესახებ; მონაწილეობას მიიღებს სამართლებრივ დისკუსიებში აგრესიის დანაშაულთან მიმართებით ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების საკითხზე; ჩაერთვება სასამართლოს განმწესრიგებლის კანდიდატისა და 6 ახალი მოსამართლის არჩევის პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარტნიორ სახელმწიფოებთან 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად, აგრეთვე, ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით. შეხვედრა გაიმართება აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.