თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

თარიღი: 28 ნოემბერი 2017

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს,  რომელიც 30 ივნისიდან 19 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიში 200-გვერდიანია და ასახავს იმ შედეგებს და სამუშაოს, რაც 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ გასწია. ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე http://justice.gov.ge/Ministry/Index/1503 . 

კომისიის საქმიანობის პერიოდში პროკურატურის ზედამხედველობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიება უმოკლეს ვადებში დაიწყო სისხლის სამართლის 48 საქმეზე, მათ შორის, ჯანმრთელობის  ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით − 1 ფაქტი; ძალადობა − 12 ფაქტი; ძალადობა და მუქარა − 1 ფაქტი, ძალადობა და ჯანმრთელობის მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დაზიანება − 1 ფაქტი; ქურდობა − 2 ფაქტი; სხვისი ქონების განზრახ დაზიანება − 13 ფაქტი; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება − 12 ფაქტი; მუქარა − 2 ფაქტი; იძულება − 2 ფაქტი; საარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებული ძალადობა − 1 ფაქტი  და ამომრჩევლის მოსყიდვა − 1 ფაქტი. 48 საქმიდან 9 საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 39 საქმეზე. მათგან 4 საქმეზე უკვე განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ. მათგან 6 პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება − გირაო, 2 პირი სასამართლომ დატოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ხოლო 1 პირის მიმართ არ ყოფილა მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება და გაფორმდა განრიდება.

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისი საქმიანობა, კანონის თანახმად, 2017 წლის 19 ნოემბერს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის (12 ნოემბერი) შედეგები (საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები).

უწყებათაშორისი კომისიამ  საანგარიშო პერიოდში 13 სხდომა ჩატარდა. კომისიის სხდომებში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის 15 წევრის გარდა, მოწვევა ეგზავნებოდა უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტს (23 პარტიას, 5 ბლოკს, 1 საინიციატივო ჯგუფს), არჩევნებში სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე ადგილობრივ (სულ − 22) და საერთაშორისო ორგანიზაციებს (სულ − 9). კომისიის ცხელი ხაზი (599 85 00 11) ამოქმედდა კომისიის შექმნის დღიდან და მუშაობდა 24 საათის განმავლობაში.

საანგარიშო პერიოდში ცხელ ხაზზე რეაგირების მიზნით სულ 11 ზარი შემოვიდა. კომისიის ელექტრონულ ფოსტასა (IATF@justice.gov.ge) და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში კი ჯამში,  შემოვიდა  88  განცხადება  (შედარებისთვის:  2014 წელს  კომისიის  საქმიანობისას  (რომელიც მოიცავდა 3-თვიან პერიოდს) შემოვიდა 151 განცხადება; 2016 წელს კომისიის საქმიანობის პერიოდში (რომელიც მოიცავდა 5-თვიან პერიოდს) შემოვიდა 113 განცხადება). კომისია,   მისი საქმიანობის პერიოდში დანერგილი პრაქტიკის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ მედიამონიტორინგს აწარმოებდა, რაც განაპირობებს იმას, რომ საარჩევნო სუბიექტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განცხადების შემოტანამდე კომისიის სამდივნოს მედიამონიტორინგის შედეგად რამდენიმე დღით ადრე აქვს შესაბამისი ღონისძიება გატარებული და უფლებამოსილი უწყებებიდან შუალედური ინფორმაცია მიღებული.

ჯამში, უწყებათაშორისმა კომისიამ 13 სხდომის ფარგლებში 8 რეკომენდაცია გამოსცა.

უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა. კომისიის შემადგენლობა 15 წევრით (სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) განისაზღვრა. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ეფექტური რეაგირებისათვის კომისიამ გაითვალისწინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოყენებული პრაქტიკა და მის საქმიანობაში დამატებითი ორი უწყება ჩართო − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და სახელმწიფო აუდიტის სამსახური; აგრეთვე უზრუნველყო თავის საქმიანობაში პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა.