სოციალური კამპანია „#იმოქმედე“ - უფასო ტრენინგების 6-თვიანი ციკლი დასრულდა

თარიღი: 17 ნოემბერი 2017
იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარმოებული უფასო ტრენინგების 6-თვიანი კურსი დაასრულა.  ტრენინგების შედეგები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა კასრაძემ შეაჯამეს.
 
ტრენინგებს საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში  სპეციალურად მომზადებული პროგრამით  იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ატარებდნენ. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ტრენინგები ორ ენაზე ჩატარდა. მთლიანობაში, ტრენინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 78 ჯგუფთან ჩატარდა.
 
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ტრენინგების ანგარიშის თანახმად,  ჯგუფში მონაწილეთა ყველაზე მაღალი რაოდენობითა და აქტიურობით გამოირჩეოდა მესტია, ქუთაისი და გურჯაანი; მათ შორის კი, ვინც სწავლება გაიარა, 80%-ზე მეტი ქალია, ხოლო მონაწილეთა ინფორმირებულობის დონე ორჯერ გაიზარდა.
ტრენინგების შედეგად მოქალაქეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლთ.
 
სპეციალურად მომზადებული პროგრამით ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა  აქვს მას პიროვნებასა და საზოგადოებაზე; გაეცნენ ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. მსმენელებს გაუღრმავდათ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ მსხვერპლს და როგორ ამოიცნონ ძალადობის ესა თუ ის ფორმა. სწავლება მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით.
 
სლოგანით „#იმოქმედე!“ იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც 6 თვის განმავლობაში მის ფარგლებში ჩატარდა. სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება.
 
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა.
 
ტრენინგზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობა მიეცა საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან.