საქართველოს კიბერუსაფრთხოე­­­­­ბისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მე-10 საიუბილეო რეგიონული კონფერენცია − „GITI 2017“

თარიღი: 16 ნოემბერი 2017
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით რიგით მე-10 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მთავარ თემას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენს. 

ღონისძიება, ტრადიციულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დღეს საქართველოში IT კონფერენციის მე-10, ყველაზე დიდი საიუბილეო ღონისძიებაა. თეა წულუკიანის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაფუძნებული კონფერენცია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს: „დღეს ჩვენ გვყავს მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი, რომლებიც არა მხოლოდ მეზობელი, არამედ შორი ქვეყნებიდანაც გესტუმრნენ. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები თავიანთ სფეროში და საინტერესო პროექტებს წარმოადგენენ სახელმწიფო მმართველობის სფეროში, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობაში, და მოქალაქეებთან ურთიერთობაში როგორ უნდა გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები... ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავუსწოროთ თვალი ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას − ის, რომ ახალი ტექნოლოგიები არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც იყოს, მათ შორის, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი, რასაც ემსახურება სწორედ ჩვენი საზოგადოებრივი ცენტრების პროექტიც “, − განაცხადა მინისტრმა.

კიბერუსაფრთხოების კონფერენცია უკვე მეათე წელია, ტარდება. მას მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება როგორც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებას. წელს ის რეკორდული რაოდენობის სტუმარს ხვდება − წლევანდელი კონფერენცია 30-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელს მასპინძლობს.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, ინფორმაციული და  კიბერუსაფრთხოების პროექტებს, ასევე, ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს. კონფერენციის დამსახურებით, წლიდან წლამდე უმჯობესდება ინოვაციური პროექტების ხარისხი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უკეთესი ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას.

კონფერენციის მე-2 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმობა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. კიბერუსაფრთხოების შესახებ პრეზენტაციებს გააკეთებენ ამ მიმართულების მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები.

კონფერენცია, ტრადიციულად, წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით 17 ნოემბერს დასრულდება. წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტია წარდგენილი.