ავსტრიის ელჩი იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

თარიღი: 03 ნოემბერი 2017
იუსტიციის მინისტრი დიპლომატიური კორპუსისათვის უწყების მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გაცნობას განაგრძობს. თეა წულუკიანი დღეს ავსტრიის ელჩ არად ბენკოს შეხვდა და მას იმ საქმიანობაზე ესაუბრა, რასაც უწყება სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა.
იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო თუ სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით გატარებულ რეფორმებზე; ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებში განხორციელებულ რეფორმებზეც.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავსტრიელ პაციფისტსა და ნობელის პრემიის პირველ ქალ ლაურეატ ბერტა ფონ ზუტნერს, რომელიც 1870-იან წლებში საქართველოში ცხოვრობდა და განხილულ იქნა ამ საკითხზე ეროვნული არქივისა და ავსტრიის საელჩოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
ელჩებთან სამუშაო შეხვედრები იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. თეა წულუკიანი  ევროკავშირს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების მეორე პირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში შეხვდა და მათ იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული  რეფორმებისა და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.
თეა წულუკიანი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს და მათთვის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის გაცნობას მომავალშიც გეგმავს. უკვე ჩანიშნულია შეხვედრები იტალიის, შვედეთის, გერმანიის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის ელჩებთან.