განრიდებისა და მედიაციის სისტემის რეფორმის შედეგები - განმეორებით დანაშაულს ასეულობით საქმიდან განრიდებული ბავშვების მხოლოდ 9% ჩადის

თარიღი: 02 ნოემბერი 2017
რა შედეგები მოიტანა განრიდებისა და მედიაციის სისტემის რეფორმამ, როგორია დღეს  კანონთან კონფლიქტის მქონე ბავშვების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება − ამ თემებზე იმსჯელეს კონფერენციაზე, რომელიც აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.  

იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში განრიდების მექანიზმის რეფორმის შედეგებზე ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, დღეისათვის არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. მათ მიმართ განრიდების მექანიზმის გამოყენებამ  2017 წლის 9 თვეში 64% შეადგინა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი − 69%, 2015 წელს კი  44% იყო.

იუსტიციის მინისტრმა სტატისტიკაც წარმოადგინა, რომლის თანახმად, 2017 წლის 6 თვეში მედიაციის 143 კონფერენცია გაიმართა. 2016 წელს ეს მონაცემი − 222-ს, 2015 წელს  − 114-ს, ხოლო 2014 წელს 28-ს შეადგენდა.

თეა წულუკიანმა ის ფაქტორებიც მიმოიხილა, რომლებმაც განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ეს წარმატება განაპირობა. როგორც მინისტრმა განაცხადა, 2010 წელს დაწყებული პროგრამა 2014 წლიდან ეტაპობრივად რეფორმირდა და დღეისათვის მან სრულიად ახალი მასშტაბი შეიძინა, რაც კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახა. კერძოდ:
  • 2014 წელს, ცვლილებების პირველ ეტაპზე, გაიზარდა მედიატორის როლი და პროგრამა დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს;
  • ცვლილებების მეორე ეტაპზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებით განრიდება და აღდგენითი მართლმსაჯულება გახდა პრიორიტეტული ღონისძიება;
  • განრიდებისა და მედიაციის პროგრამა გავრცელდა, ასევე, 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებზეც − 2016 წელს ამ ასაკის 322 პირს მიეცა განრიდების პროგრამებში ჩართვის საშუალება, ხოლო 2017 წლის 6 თვეში განრიდების პროგრამებში 18-იდან 21 წლამდე ასაკის 247 ახალგაზრდა ჩაერთო.
  • შესაძლებელი გახდა სასამართლოს მიერ განრიდებაც. შედეგად,  2016 წელს სასამართლოდან დაბრუნდა 38 საქმე, ხოლო 2017 წლის 6 თვეში − 11 საქმე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების შეფასების საშუალება გვაქვს ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსის ძალაში შესვლიდან თითქმის ორი წლისთავზე. შემიძლია, სიხარულით ვთქვა, რომ პროკურორები, მედიატორები, დანაშაულის პრევენციის ცენტრი, ციხეში მომუშავე სოციალური მუშაკები, მოსამართლეები, პოლიციელები − ყველანი მუშაობენ ხელჩაჭიდებული იმისათვის, რომ, როდესაც ბავშვს წაუცდება ფეხი, ჩაიდენს შეცდომას, რომელსაც სხვა მხრივ დანაშაული ჰქვია; ასეთი, პირველად სამართალში მყოფი ბავშვის წინააღმდეგ სახელმწიფო სისტემა რეპრესიას კი არ ახორციელებს, არამედ განრიდებას. ბავშვი განრიდებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. იწყება მედიაციის პროცესი, კერძოდ, ბავშვის შეხვედრა დაზარალებულთან, შერიგება და იმის გაანალიზება, რომ დანაშაულის ჩადენა არის ცუდი. და ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს: ასეულობით საქმიდან განრიდებულმა ბავშვმა მხოლოდ 9% შემთხვევებში კვლავ ჩაიდინა დანაშაული. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და მიხარია, რომ ჩვენი ბავშვები  მალევე ადგებიან სწორ გზას და არასდროს აღარ ფიქრობენ ხოლმე კრიმინალზე. კრიმინალი, რეალურად, ამ კოდექსის წყალობით, ბავშვებს შორის არის შემცირებული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. 
   
კონფერენციაზე დისკუსია გაიმართა აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების შემდგომ განვითარებაზეც. იუსტიციის მინისტრის განცხადებით,  იგეგმება მედიაციის გამოყენების არეალის გაფართოება, მისი ამოქმედება შესაძლებელი იქნება  სასჯელის პარალელურად; ასევე, პატიმრობის შემდგომ როგორც დამნაშავის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, ისე დაზარალებულის რეაბილიტაციის საშუალებად.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას და თითოეულ პროფესიონალს, რომლებმაც განრიდებისა და მედიაციის პროგრამის წარმატება განაპირობეს, კერძოდ,  იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“, რომელიც პროექტს საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახორციელებს. თეა წულუკიანმა გამორჩეული პროფესიონალები დააჯილდოვა, წარმატებულ მედიატორებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი,  მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ივო ერცენი, რომელიც წამყვანი ევროპელი მკვლევარია აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებში.

კონფერენცია საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებით და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით გაიმართა.