ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების კონგრესის წარმომადგენლები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობით დაინტერესდნენ

თარიღი: 20 ოქტომბერი 2017
როგორია წინასაარჩევნო გარემო 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, რას  აკეთებს სახელმწიფო თავისუფალი და სამართლიანი  საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად −  ამ თემებზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების კონგრესის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენელთა ინიციატივით გაიმართა. სადამკვირვებლო მისიამ სურვილი გამოთქვა, გასცნობოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის  საქმიანობას და ამ საქმიანობის შედეგებს.

თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების კონგრესის წარმომადგენლებთან საუბარში აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისია არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით იქმნება; მასში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები ერთიანდებიან, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან და შესაძლო ინციდენტების აღმოფხვრასა და მათ პრევენციაზე მუშაობენ.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის კომისია 30 ივნისიდან ფუნქციონირებს და საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისაგან იღებს ინფორმაციას იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ფიქსირდება. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, შემოსული განცხადებების რაოდენობა და შინაარსი ადასტურებს, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის გარემო მშვიდია. დღეისათვის კომისიის სახელზე 71 განცხადება შემოვიდა. საჩივრების რაოდენობის კლების ტენდენცია აშკარაა − 2014 წლის არჩევნების პერიოდში სამი თვის განმავლობაში 151 განცხადება  იყო შემოსული, 2016 წელს კი,  ხუთი თვის განმავლობაში − 113 განცხადება.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, წინასაარჩევნო ინციდენტების  რაოდენობის კლების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი შინაარსის ცვლილებაც. საჩივართა შორის სულ უფრო ნაკლებია ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევები; ძირითად პრობლემებს წარმოადგენს სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები. განცხადებათა ნაწილი ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასაც ეხება. 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გამოძიების დაწყება საჭირო გახდა 36 შესაძლო შემთხვევაზე, რომელთაგან ერთში დანაშაულის ნიშნები არ დაფიქსირდა. მათ შორის - მუქარის (2 ფაქტი), ძალადობის (10 ფაქტი), სხვისი ქონების დაზიანების (10 ფაქტი); მერიასთან და საკრებულოსთან განვითარებული მოვლენების გამო (11 ფაქტი), იძულების (2 ფაქტი),  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების (1 ფაქტი), ქურდობის (1 ფაქტი) შესაძლო შემთხვევებზე. 2014 წელს ამ ტიპის დარღვევებზე შემოსულ განცხადებათა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა (საიდანაც  76 ფაქტი არ დადასტურდა), 2016 წელს კი − 111-ს, გამოძიება მათგან 91 საქმეზე დაიწყო.
 
თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების კონგრესის წარმომადგენლებს უწყებათაშორისი კომისიის რეაგირების მექანიზმებზეც ესაუბრა. მისი თქმით, შემოსული განცხადებები დაუყოვნებლივ ეგზავნება სახელმწიფო უწყებებს, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება ესა თუ ის საკითხი, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მათი შესწავლა. ეს საშუალებას აძლევს უწყებათაშორის კომისიას, მოისმინოს ინფორმაცია არა მარტო შესაძლო დარღვევების, არამედ მათზე რეაგირების შესახებაც.

იუსტიციის მინისტრმა იმ სამუშაოზეც ისაუბრა, რასაც უწყებათაშორისი კომისია წინასაარჩევნო და საარჩევნო ინციდენტების პრევენციის მიზნით ასრულებს. ამ კუთხით კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო სტრუქტურებისთვის 7 რეკომენდაცია გამოსცა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების კონგრესის წარმომადგენლები საქართველოში 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებიან. მისია საქართველოში 20 ოქტომბერს ჩამოვიდა და ქვეყანას არჩევნების შემდეგ დატოვებს.