იუსტიციის მინისტრი პარტიებს, კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე დღე დარჩა

თარიღი: 02 ოქტომბერი 2017
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან ან მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, რომ დარჩენილი რამდენიმე დღე გამოიყენონ საცხოვრებელ მისამართებზე რეგისტრაციისათვის, რათა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
 
ეს განცხადება მინისტრმა დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომაზე გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად 2017 წლის თებერვალში დაწყებული აქციისა, არაერთ ამომრჩეველს, მათ შორის, მერობის კანდიდატებსაც კი, რეგისტრაციის ადგილი არ აქვთ მითითებული სამოქალაქო რეესტრის ბაზებში, რამაც შესაძლოა, არჩევნების დღეს მათ პრობლემები შეუქმნას. ამ ხარვეზის გამოსწორება საქართველოს მოქალაქეებს 5 ოქტომბრამდე შეუძლიათ, რადგან 5 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს საქართველოს მოქალაქეთა ბაზას გადასცემს, რაც საარჩევნო სიის შედგენის  მთავარი საფუძველია.
 
„ცხადია, პირადი მონაცემების დაცულობის გამო ვერ დავასახელებ, მაგრამ არიან მერობის კანდიდატები, რომლებიც უმისამართოდ არიან რეგისტრირებულნი და როგორც მათ, ისე მათ ამომრჩეველს, მოვუწოდებ, გაასწორონ ხარვეზი დოკუმენტებში, რადგან მათ შესაძლოა, საკუთარ თავს და სასურველ პარტიას ვერ მისცენ ხმა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
აქვე მინისტრმა საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის გაწეული საქმიანობის ერთ კონკრეტულ შედეგზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, კომისიას მინისტრმა დოკუმენტის გარეშე პირებისთვის 2017 წლის თებერვალში გამოცხადებული უფასო პირადობის მოწმობების აქციის შედეგები მოახსენა. თეა წულუკიანის განცხადებით, დღემდე 62000-მა უსაბუთო მოქალაქემ აიღო პირადობის დამადასტურებელი საბუთი უფასოდ და, შესაბამისად, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
 
მისივე თქმით, სხვა არაერთ ღონისძიებასთან ერთად,  ეს აქციაც სპეციალურად საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით 2017 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს.