ინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში ქართული რეფორმების ექსპორტს გეგმავს

თარიღი: 28 სექტემბერი 2017
ანტიკორუფციული პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობა და  გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებები; სმარტფონებითა და ტაბლეტებით ხელმისაწვდომი სერვისები, რომელთა მიღებაც მაღალმთიან და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ისეთივე კომფორტულია, როგორიც დედაქალაქში; წარმატებული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა − ეს ქართული რეფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც ინდონეზია დაინტერესდა. დელეგაცია, რომელსაც  ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ მიიღო.  

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს კორუფციასთან ბრძოლის და მისი პრევენციის ქართული მოდელი გააცნო, რომელთა შედეგადაც, არაერთი საერთაშორისო კვლევით, ქვეყანას კორუფციის რისკის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.  კერძოდ, „Trace International“-ის კვლევით, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია.

გიორგი პატარიძემ ისაუბრა ღია  და ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემაზე, რომელიც პროცესში მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული და მთავრობის გამჭვირვალობისაკენ მიმართული პოლიტიკა, სერვისების ხელმისაწვდომობასა და ელექტრონულ მმართველობასთან ერთად, გახდა საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი საერთაშორისო ასპარეზზე. სულ ახლახან  საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე გახდა და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც 75 ქვეყანაა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები  გააცნო.

გიორგი პატარიძემ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით, მათ შორის, მაღალმთიან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. მისი თქმით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობამ განაპირობა ამ რეგიონებში სერვისების ხელმისაწვდომობა, მსგავსად დიდი ქალაქებისა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა  ელექტრონული მმართველობა. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი პორტალზე „mygov.ge“ – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით  ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისაგან. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც.

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ინდონეზიის დელეგაცია დაინტერესდა, კიბერუსაფრთხოების კუთხით გატარებული რეფორმებია, რომელთა შედეგად, 2017 წლის გლობალური უსაფრთხოების ინდექსში (NCSI) საქართველო მეორე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დანია.

შეხვედრის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებმა მემორანდუმის ტექსტი განიხილეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს შორის გაფორმდება. ინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში ქართული რეფორმების ექსპორტს გეგმავს.