მთავრობამ 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თარიღი: 27 სექტემბერი 2017
ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად დღეს საქართველომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის დონის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, რასაც არაერთი საერთაშორისო კვლევა და სულ ახლახან (19 სექტემბერს) „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ მიღწეული შთამბეჭდავი წარმატება ადასტურებს. კორუფციის დაბალი დონე და ამ კუთხით გატარებული რეფორმები გახდა სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე გახდა და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც 75 ქვეყანაა.

გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის სისტემისა და კორუფციისაგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საქართველოში გატარებული მთავრობის კომპლექსური პოლიტიკა და თამამი ნაბიჯები წარმატებული და შედეგიანი იყო.
საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი რეფორმა ან დროში შეზღუდული პროცესი. კორუფციასთან ბრძოლა და პრევენცია  განგრძობადი პროცესია და ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს. მთავრობის სხდომაზე 2017-2018 წლების  ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
მიღწეული შედეგების გათვალისწინებით საქართველო გადავიდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე და ისევე, როგორც ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, ქვეყნის მთავარი ორიენტირია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მიღწევა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, კორუფციის პრევენციის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და სახელმწიფო მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება, საჯარო სამსახურის ცენტრალურ ხელისუფლებაში მიღწეული წარმატებებისა და უკანასკნელი წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების გაზიარების მიზნით ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდინირებულად განხორციელებაში მუნიციპალიტეტების ჩართვა.

ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელიც 38 სახელმწიფო უწყებას (მათ შორის, მუნიციპალიტეტებს), 14 არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას და ბიზნესსექტორის სამ წარმომადგენელს ერთიანებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევების,  რისკების ანალიზსა და შეფასებას და მათი გადაჭრის ეფექტიან საშუალებებს  გვთავაზობს. ახალი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 16 პრიორიტეტს, 60-ზე მეტ ღონისძიებას და 200-მდე აქტივობას მოიცავს. 
ამ პრიორიტეტებიდან სამი − კორუფციის პრევენცია სპორტის სფეროში, კორუფციის პრევენცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში − სრულიად ახალია საქართველოში და მისი მიზანია ერთიან ანტიკორუფციულ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი სექტორის ჩართვა.  გარდა ამისა, ანტიკორუფციული საბჭოს გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანი იმპლემენტაცია და ანტიკორუფციული საბჭოს ძალისხმევა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით, არამედ საჭიროა, სათანადო ყურადღება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასაც დაეთმოს. 
 
2017-2018  წლების ანტიკორუფციული სტრატეგიის ამოცანებია:
  •   საჯარო სამსახურში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვა;
  •   ანტიკორუფციულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
  •   პროკურორთა ანაზღაურებისა და წახალისების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემისა და პერიოდული შეფასების მექანიზმის დანერგვა; აგრეთვე, პროკურორთა და მოსამართლეთა ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა;
  •   მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვა და მოსამართლეთა დამატებითი ანაზღაურების ბონუსების საკითხის გადაწყვეტა;
  •   „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სანქციების ჰარმონიზაციისა და პროპორციულობის უზრუნველყოფა; ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება; პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების ანგარიშვალდებულებების პროცესის დახვეწა;
  •   ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება;
  •   ყველა მუნიციპალიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების მართვის ინტეგრირება საჯარო ფინანსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  •   ბიზნესის კეთილსინდისიერების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის;
  •   ჯანმრთელობის დაცვის  სახელმწიფო პროგრამების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწა;
  •   მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერება;
  •   ინფრასტრუქტურული პროექტების  მაკონტროლებელი ორგანოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება და სხვ.
ანტიკორუფციული სტრატეგია  ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს (მათ შორის, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელისა“ (OECD-ACN) და არასამთავრობო (TI, IDFI, GYLA) ორგანიზაციების რეკომენდაციები), წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასებისა და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზს. ის მოიცავს კორუფციის პრევენციის, კორუფციის კრიმინალიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს.