იუსტიციის მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების მინისტრებთან შეხვედრები დაიწყო

თარიღი: 20 სექტემბერი 2017
თეა წულუკიანმა, რომელიც „OGP“-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს, ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წევრი ქვეყნების იმ მინისტრებთან დაიწყო შეხვედრები, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ.
დღეს ნიუ-იორკში საქართველოს იუსტიციის მინისტრი კანადის ფინანსთა და შესყიდვების მინისტრ სკოტ ბრისონს შეხვდა. კანადას აქვს სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ მომავალ წელს საქართველოსგან „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველო-კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის ეს პროცესი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მინისტრი დაინტერესდა იმ რეფორმებით, რომელთაც საქართველო ახორციელებს და რომელთა შედეგადაც ჩვენი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე გახდა. საქართველო არის პატარა, მაგრამ განვითარებული ქვეყანა, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებს რეფორმების განხორციელებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებისთვის საინტერესოა და გამოცდილების გაზიარებისთვის მოგვმართავენ. მაგალითად, ასეთია ბლოკჩეინის უახლესი სისტემა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნერგავს, ქლაუდის სისტემა და სხვა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანი დღეს და ხვალ კიდევ რამდენიმე ქვეყნის მთავრობათა წევრებს შეხვდება, რომლებიც მინისტრს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს, საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებს გაუზიარებენ.
იუსტიციის მინისტრმა „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეობის გადმობარების შემდგომ კომიტეტის წევრებს მომავალი წლისთვის საქართველოს ხედვა წარუდგინა.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველომ გუშინ გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP“-ის მმართველ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს.
საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის“ ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.
„OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, რომელსაც ქვეყანა ღია მმართველობისათვის ატარებს.