საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

თარიღი: 20 სექტემბერი 2017
 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო უხელმძღვანელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ  19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე  (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP“-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს. ღონისძიებას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე.

საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის“ (International School for Transparency) ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

„OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, რომელსაც ქვეყანა ღია მმართველობისათვის ატარებს; კერძოდ:

Ø  საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას; 
Ø  საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში − „Trace International“-ის კვლევით, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია;
Ø  საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია − 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა;
Ø  სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით − სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებშიც, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ;
Ø  საქართველოს აქვს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმი − ღია მმართველობის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესსექტორსა და საზოგადოებასთან;
Ø  სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი „mygov.ge“ – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით  ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც.

„OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობას ოთხი პრიორიტეტული მიზანი ექნება:

Ø  მოქალაქეთა ჩართულობის და თანამშრომლობის გაძლიერება;

Ø  მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;

Ø  ინოვაციების დანერგვა საჯარო სერვისების მიწოდებაში;

Ø  უკეთესი პარტნიორობის ჩამოყალიბება.

ეს მიზნები სრულ შესაბამისობაშია „OGP“-ის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ ორგანიზაციის სტრატეგიასთან, ამასთან, პირდაპირ ეხმიანება მოქალაქეთა ყოველდღიურობას.

ყურადღება დაეთმობა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მე-16 მიზანს, რომელიც მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას, ეფექტური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მშენებლობას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდება,  საქართველოს იუსტიციის მინისტრი საქართველოს სახელმწიფოს ხედვას წარუდგენს საზოგადოებას, თუ როგორ განახორციელებს მთავრობა პრიორიტეტულ მიზნებსა და მიმართულებებს, ისაუბრებს კონკრეტულ ღონისძიებებსა და აქტივობებზე.

2017 წლის მეორე ნახევარში კი საქართველო, როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა, „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

„OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევამდე საქართველოს წარმატებები საერთაშორისო პარტნიორობაში არაერთხელ იქნა  აღიარებული; კერძოდ: 2013 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს;  2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს;2015 წელს მექსიკის გლობალურ სამიტზე საქართველოს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან ყველაზე წარმატებულ ქვეყანას, ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო გადაეცა; 2015 წელს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. კონფერენციისათვის ჩვენმა ქვეყანამ შექმნა „OGP-საქართველოს“ სპეციალური ბრენდინგი, რომელიც ეროვნულ მოტივებს ეფუძნება და ერთ-ერთი საუკეთესოა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის.

„OGP“ საერთაშორისო პარტნიორობაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის მიერ დაფუძნდა. თავდაპირველად ის 8 ქვეყანას აერთიანებდა. პარტნიორობის მიზანია, მოქალაქეებისთვის გაუმჯობესდეს საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო რესურსების მართვა, უსაფრთხო გარემო. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც „OGP“-ს 2011 წელს შეუერთდა.