ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაცია ქართულ რეფორმებს გაეცნო

თარიღი: 13 სექტემბერი 2017
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო.  მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

როგორც გიორგი პატარიძემ აღნიშნა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით, რასაც  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) კუთხით ჩვენი ქვეყნის  წარმატებაც ადასტურებს.  როგორც ცნობილია, საქართველო 2017 წლის სექტემბრიდან „OGP“-ის  თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია, საქართველოს ყველა დაბასა და სოფელში მცხოვრებ მოქალაქეს სწრაფად და კომფორტულად შეეძლოს სახელმწიფო სერვისების მიღება.

„ამ მიზნით დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლები შენდება; შედარებით პატარა რაიონულ ცენტრებში 46 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, რათა ადგილობრივებს სერვისების მისაღებად საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით გამგზავრება არ დასჭირდეთ; პატარა სოფლებს კი, „ლიბერთი ბანკის“ მობილური ფილიალები ემსახურება − ექსპრესმომსახურება მოქალაქეებს საბანკოსთან ერთად სახელმწიფო სერვისების მომსახურებების მიღების საშუალებას აძლევს“, − აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
დღესვე სტუმრები თბილისის იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ, სადაც იუსტიციის სახლის მუშაობის და სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნენ.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. 
ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და 14 სექტემბერს სრულდება.