სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა

თარიღი: 26 აგვისტო 2017

26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართა. სპეციალური სამთავრობო კომისია 7 პრეტენდენტს გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა, რის მიზეზადაც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში შვებულებაში ყოფნა დასახელდა; თუმცა, კომისიამ ეს კანდიდატი 15:00 საათზე დაიბარა, რათა მისთვის თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცა.
დღეს დილის 10 საათიდან კომისიის წინაშე გასაუბრება გაიარეს შემდეგმა კანდიდატებმა:
  1. ირაკლი ადეიშვილი − შპს „ჯეოსელის“ უფროსი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);
  2. თამარ ალანია − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
  3. იოსებ ბაჩიაშვილი − სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017); 
  4. კონსტანტინე ვარძელაშვილი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
  5. კონსტანტინე კორკელია − იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);
  6. ოთარ სიჭინავა − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ფრანგული ენის სერტიფიკატი INSTITUT FRANCAIS-2017);  
  7. ლალი ფაფიაშვილი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2017).
 
სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა 4 კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. კომისია მთავრობას შემდეგ კანდიდატებს წარუდგენს: ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, იოსებ ბაჩიაშვილი, ოთარ სიჭინავა.
 
აქვე გთავაზობთ მამაკაცი და ქალი კანდიდატების ქულებს, რომელთა საფუძველზეც მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ოთხკაციანი სია შედგა:
 
ლალი ფაფიაშვილი − 4.82;
თამარ ალანია − 4.45;
იოსებ ბაჩიაშვილი − 3.73;
ოთარ სიჭინავა − 3.73;
კონსტანტინე კორკელია − 2.55;
კონსტანტინე ვარძელაშვილი − 2;
ირაკლი ადეიშვილი − 1. 64.
 
კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით კომისიის სამდივნომ გამოიყვანა თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამური ქულა, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგა ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეეძლოთ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც. სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგა საბოლოო სია,  რომელშიც ორივე სიიდან შევიდნენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. საბოლოო სია სამდივნომ გააცნო კომისიის წევრებს, ხოლო აღნიშნულ სიას კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
 
საქართველოს მთავრობა ამ კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ ორ კანდიდატს,  რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ან ორივე უნდა იყოს ქალი. თუ საქართველოს მთავრობა არ მოიწონებს არცერთ კანდიდატს, კომისია ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს. საქართველოს მთავრობის მიერ ორზე ნაკლები კანდიდატის მოწონების შემთხვევაში, კომისია ხელახლა ატარებს შერჩევის პროცესს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული სიის ორ კანდიდატამდე შევსების მიზნით.
 
საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორ ახალ კანდიდატურას წარუდგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არაუგვიანეს 2017 წლის 31 აგვისტოსი.