ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისათვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

თარიღი: 25 ივლისი 2017
ლადო ჭანტურია ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს - ნათქვამია ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის დასკვნაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო.
 
შესაბამისად, ლადო ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს. წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება კი შემოდგომაზე უნდა შედგეს.
 
ექსპერტ მრჩეველთა დასკვნით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დანარჩენ ორ კანდიდატს - სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს. თუმცა, იმ ახალი წესებისა და რთული მექანიზმის გათვალისწინებით, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, ექსპერტთა ჯგუფი ამბობს, რომ „ფასდება არა მხოლოდ ის, თუ რამდენად კარგი განათლება აქვს კანდიდატს ადამიანის უფლებათა სამართალში ან გამოცდილება - როგორც მოსამართლეს, არამედ მოცემული პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა, რაც გარკვეულწილად დამოკიდებული ასაკზეც, ამ გამოცდილების სიღრმე და მასშტაბი“.
 
შესაბამისად, დასკვნაში პირდაპირ არის ხაზი გასმული შოთა გეწაძის „ახალგაზრდა ასაკსა“ (35 წლის) და აქედან გამომდინარე შედარებით ხანმოკლე სამოსამართლო კარიერაზე (6,5 წელი), ხოლო სოფიო ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიუხედავად მისი კარგი ცოდნისა ადამიანის უფლებების სფეროში, მიუხედავად მისი „ღირებული პროფესიული გამოცდილებისა“, ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი საკმარისად მაღალი და საკმარისი ხანგრძლივობის არ არის.  
 
ვინაიდან კანდიდატთა სია 3 პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი კანდიდატის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება, ხოლო ლადო ჭანტურია სტრასბურგის ორგანოების წინაშე წარმატებულად შეფასებულ კონკურსანტად დარჩება.
 
ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შემოტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ.  
 
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი 1 მაისს შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ −  სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა.
მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია:
ლადო ჭანტურია
სოფიო ჯაფარიძე
შოთა გეწაძე
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. მოსამართლეობის სურვილი  68  პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ უცხოური ენის გამოცდაზე 24 კანდიდატი მიიწვია. მათ უფლება ჰქონდათ, ევროსაბჭოს ორი ოფიციალური ენიდან (ინგლისური, ფრანგული) აერჩიათ ერთ-ერთი და ჩაებარებინათ გამოცდა. ინგლისურ ენაში კანდიდატებისთვის ტესტირება − ბრიტანეთის საბჭომ, ხოლო ფრანგულ ენაში საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

უცხოური ენის ცოდნის დონის შემოწმების შემდეგ გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა, მათგან 23-ს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. რაც შეეხება ერთ კანდიდატს − გიორგი პაპუაშვილს, ის კონკურსს საკუთარი სურვილით გასაუბრების ეტაპზე გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურდა კონკურსში მონაწილეობა.

გასაუბრებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიის წევრები თითოეულ კანდიდატს ქულებით აფასებდნენ. კონკურსის დასრულების შემდეგ ქულათა დაჯამების შედეგად 28 მაისს გამოვლინდა  ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. ხუთეულში მოხვდნენ: ლადო ჭანტურია − 5 ქულა, სოფიო ჯაფარიძე − 4.69 ქულა, შოთა გეწაძე − 3.85 ქულა, თამარ ალანია − 3.77 ქულა, ირაკლი დონდოლაძე − 3.69 ქულა. დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა.

სამკაციან სიას საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს ივნისში წარუდგენს, საიდანაც ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთ-ერთ კანდიდატურას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეარჩევს.