საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

თარიღი: 23 ივნისი 2017
23 ივნისიდან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართვლოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმი ცხადდება. მორატორიუმის მოქმედების პერიოდში ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ დაარეგისტრირებენ.

იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება.

ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეზღუდათ
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
  • საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;
  • უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
მორატორიუმი ძალაში იქნება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე.

შესაბამისი ცვლილებები  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  კანონში შევიდა.