ვიდეორგოლები ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სატელევიზიო სივრცეში განთავსდება

თარიღი: 22 ივნისი 2017
ცვლილებები 20-მდე კანონში სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია #იმოქმედე! −  იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას აგრძელებს და საზოგადოებას კამპანიაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდებს. დღეიდან ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისათვის სატელევიზიო ეთერებში ვიდეორგოლები განთავსდება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „Holmes&Watson“-მა სპეციალურად კამპანიისთვის დაამზადა.
 
კლიპების მიზანია საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივება. ვიდეორგოლები ადამიანებს მოუწოდებს, არ დარჩნენ ინერტულნი ოჯახში ძალადობის ფაქტების მიმართ. „ოჯახში ძალადობა სანახაობა არ არის!“ „ნუ იქნები მაყურებელი!“ #იმოქმედე!“ - ეს ის მთავარი გზავნილებია, რომელთაც თითოეული ვიდეორგოლი ატარებს და სწორედ ამ კონცეფციის საშუალებით სურს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების კონსოლიდირება და გააქტიურება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
 
ვიდეორგოლები იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავს: შეხვედრები სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის, პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე, ახალი საიტი −  http://imoqmede.ge/ − რომელიც მომხმარებელს ძალადობის ფაქტისა და მსხვერპლის ამოცნობაში დაეხმარება.
 
სოციალური კამპანიის − #იმოქმედე! − მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და  სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება. კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. გაიმართება შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტებში,  საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით მიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. წლის ბოლომდე ტრენინგი ყველა დიდ ქალაქსა და ყველა სოფელს მოიცავს, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. დღეისათვის სწავლებას 200-ზე მეტი მსმენელი უკვე დაესწრო, ჯამში კი ტრენირებას 2500 მსმენელი გაივლის.  უკვე ფუნქციონირებს საიტი - http://imoqmede.ge/, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს.  ვებგვერდს  აქვს ღილაკი − #ვუერთდები, რომლითაც ვიზიტორები მხარდაჭერას გამოუცხადებენ კამპანიას.  ანონიმური შეტყობინების საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, დატოვოს შეტყობინება ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებ; მითითებულია ცხელი ხაზის ნომერიც, სადაც, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის დატოვება ძალადობის ფაქტების თაობაზე; დღეიდან კი ძალადობის წინააღმდეგ სოციალური აქტივობისაკენ იუსტიციის სამინისტრო სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლებით ტელეეთერიდანაც მოუწოდებს.

იუსტიციის სამინისტროს სოციალური კამპანია ძალადობის წინააღმდეგ წლის ბოლომდე გაგრძელდება.