ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის სპეციალური საიტი - imoqmede.ge − ამოქმედდა

თარიღი: 20 ივნისი 2017
ცვლილებები 20-მდე კანონში სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია #იმოქმედე! −  იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას აგრძელებს და საზოგადოებას კამპანიაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდებს. დღეს იუსტიციის მინისტრმა ახალი საიტის − imoqmede.ge − პრეზენტაცია გამართა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს. 

imoqmede.ge იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავს: შეხვედრები სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის, პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე და სხვა. გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს ძალადობის ფაქტისა და მსხვერპლის ამოცნობაში დაეხმარება. რა არის ძალადობა, ვინ შეიძლება იყოს მისი მსხვერპლი, რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო დაზარალებულებს, როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, ვის მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუკი ძალადობას შევესწარით − ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის მიღება ახალი ვებგვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ. საიტს აქვს ღილაკი − ვუერთდები, რომლითაც ვიზიტორები თავის მხარდაჭერას გამოუცხადებენ კამპანიას. სპეციალური ფორმის საშუალებით შესაძლებელია შეტყობინებისა და  მოსაზრების გამოთქმა ან  შეკითხვის დასმა ვებგვერდის ადმინისტრატორებისათვის. ანონიმური შეტყობინების საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, დატოვს შეტყობინება ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებაც, მითითებულია ცხელი ხაზის ნომერიც, სადაც, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის დატოვება ძალადობის ფაქტების თაობაზე.

გვერდზე განთავსებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სადაც აღწერილია, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და აღკვეთის მიმართულებით; ძალადობის სტატისტიკა, სიახლეები, ვიდეოები და პოსტერები.

სოციალური კამპანიის #იმოქმედე! მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და  სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.

კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. გაიმართება შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტებში,  საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით მიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. წლის ბოლომდე ტრენინგი ყველა დიდ ქალაქსა და ყველა სოფელს მოიცავს, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. დღეისათვის სწავლებას 200-მდე მსმენელი უკვე დაესწრო, ჯამში კი ტრენირებას 2500 მსმენელი გაივლის.  სატელევიზიო ეთერში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადებული სამი ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი გზავნილია #იმოქმედე! სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოყენებული იქნება ქუჩის ინსტალაციაც.

იუსტიციის სამინისტროს სოციალური კამპანია ძალადობის წინააღმდეგ წლის ბოლომდე გაგრძელდება.