საქართველოს პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე შემდგომი წინსვლის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

თარიღი: 17 ივნისი 2017
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და კანაფისა და მარიხუანის მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას.
 
შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, აგრეთვე, კანონებში: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“.
 
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელი წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.
 
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და  პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია. 
 
წარმოდგენილი ცვლილებები ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო ხანებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის  შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის, ასევე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო.
 
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებზე კიდევ უფრო შორს მიდის, რადგან ლიბერალური პოლიტიკა ვრცელდება არა მხოლოდ მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო შეძენასა და შენახვაზე, არამედ დამზადებასა და გადაზიდვაზეც, გაცილებით უფრო ლიბერალური სანქციები შემოდის მარიხუანისა და მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შემთხვევებშიც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში, სხვა სანქციებთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით (ნაცვლად მოქმედი 4-7 წლისა), ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის დროს − 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა (ნაცვლად მოქმედი 6-12 წლისა).
 
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროცესი მრავალი სირთულის ფონზე მიმდინარეობდა. დღემდე გატარდა შემდეგი მნიშვნელოვანი ზომები: ერთმანეთისგან გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის და სხვა ამგვარი ქმედებებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, მათი გასაღებისათვის; „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით შეიქმნა აღნიშნული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმი; ზედოზირების შემთხვევაში გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინების ვალდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რითაც მოიხსნა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემაკავებელი ფაქტორი; სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტური ზომების შედეგად მინიმუმამდე იქნა დაყვანილი კუსტარულად დამზადებული ნივთიერებების მოხმარების ფაქტები; დაიხვეწა კანონმდებლობა ნარკოტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით.
 
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობდა მრავალი თვის განმავლობაში და პროცესში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; აგრეთვე, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები − ევროკავშირის დელეგაცია, ევროსაბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, „USAID“-ის, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ალტერნატივა ჯორჯია“.