თეა წულუკიანმა გენდერის საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ელჩი მიიღო

თარიღი: 16 ივნისი 2017
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) ელჩი, მრჩეველი ქალთა და გენდერის საკითხებზე მარა მარინაკი მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე.
 
მინისტრმა ელჩს საკანონმდებლო პაკეტის შესახებ უამბო, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანისთვის მომზადდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა მიხედვით ახალი მიდგომებია გათვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
 
იუსტიციის მინისტრი სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის შესახებაც ესაუბრა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენაა მიმართული. კამპანიის მთავარი გზავნილი #იმოქმედე! - საქართველოს მოქალაქეებს ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება და მასში სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სფეროს წარმომადგენელები არიან ჩართულნი. უკვე ჩატარდა ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი პოსტერების კონკურსი, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით მიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. დღეისათვის სწავლებას 200-მდე მსმენელი უკვე დაესწრო, ჯამში კი 2500 მსმენელი დაესწრება, გაიმართება შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში. სატელევიზიო ეთერში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადებული სამი ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი გზავნილია #იმოქმედე! სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოყენებული იქნება ქუჩის ინსტალაციაც. 
 
შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა მარა  მარინაკსა და დელეგაციის წევრებს მაისურები გადასცა, რომლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშ დაიბეჭდა და რომელზედაც მისი მთავარი გზავნილია დატანილი.